
პოლიტოლოგი გია ნოდია აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ივნისის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს ეხმიანება და ძირითად ყურადღებას იმ ამომრჩეველზე ამახვილებს, ვისაც არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას არჩევნებზე.
"ამდენი გადაუწყვეტელი ამომრჩეველი რომ არის ქვეყანაში არჩევნებამდე სამი თვით ადრე, ძალიან ცუდია, რა თქმა უნდა. მაგრამ მთავარია ვთქვათ, რით არის ცუდი.
პროგრესულ-პოლიტკორექტული რეაქციაა: „რა ცუდი პოლიტიკური ელიტა გვყავს, საწყალ ხალხს წესიერი არჩევანი ვერ გაუკეთებია“. ეს მსჯელობა ეყრდნობა უპასუხისმგებლო და ინფანტილურ (აგრეთე, ბოდიში და მემარცხენე) სტერეოტიპს: „უმანკო ხალხი, ცუდი ელიტა“. მაგრამ ელიტა ციდან არ მოფრინდება, ის ხალხის ნაწილია - შედარებით აქტიური ნაწილი, მეტი არაფერი.
თუ ამომრჩევლის დიდმა ნაწილმა (თუ უმეტესობამ) არჩევანი კიდევ ვერ გააკეთა, ეს მხოლოდ ერთს ნიშნავს: მათ არ იციან, რა უნდათ. დავაზუსტებ: არც ის იციან, ვინ უნდათ და არც ის იციან, რა უნდათ.
სხვა ინტეპრეტაციაა: მათ უნდათ ახალი მესია, რადგან წინა მესიებმა (მიშა, ბიძინა) იმედი გაუცრუეს. რამდენი ხანი უნდა გავიდეს, რომ ამ 57 პროცენტმა (თუ რამდენიცაა) შეიგნოს: მესია აღარ მოვა, არჩევანი უნდა გააკეთო იმ (დიახაც) მეტად არასულყოფილ პარტიებს შორის, რომლებიც ამ წუთში არსებობს და რომლებზე უკეთესსაც ეს საზოგადოება არ იმსახურებს.
(უკეთესს რომ იმსახურებდეს, იარსებებდა კიდეც, რადგან პარტიებს სწორედ ეს მისტიკური ერთეული, „საზოგადოება“ თუ „ხალხი“ ქმნის).