
შეკითხვაზე – ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, NDI-ა მიერ გამოკითხული რესპონდენტების 17% პასუხობს, რომ “ქართულ ოცნებას”, 13% – ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.
გამოკითხვა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ივნისში და ივლისის დასაწყისში ჩატარდა და სულ 4.000-ზე მეტი რესპონდენტი გამოიკითხა.
გამოკითხულთა 4% ამბობს, რომ მხარს დაუჭერდა პაატა ბურჭულაძის მოძრაობას “სახელმწიფო ხალხისთვის”, 3% – პატრიოტთა ალიანსს და 7% – სხვა პარტიებს. ამ სხვა პარტიებში შედიან: თავისუფალი დემოკრატები, რესპუბლიკური პარტია, ლეიბორისტული პარტია, გირჩი, დემოკრატიული მოძრაობა, ეროვნული ფორუმი, თავისუფალი საქართველო, კონსერვატიული პარტია, ქართული პარტია, ქართული დასი, მემარჯვეენები, მრეწველები, მემარცხენე ალიანსი.
ოდნავ განსხვავებულია ამავე შეკითხვაზე იმ რესპონდენტების აზრი, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვს არჩევნებში მონაწილეობა: მათი 19% უჭერს მხარს ქართულ ოცნებას, 14% – ენმ-ს, 4-4% ბურჭულაძის მოძრაობას და პატრიოტთა ალიანსს, ხოლო 35%-მა არ იცის.
შეკითხვაზე – რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველას ახლოს, რესპონდენტების 19% პასუხობს, რომ ესაა “ქართული ოცნება”, 15% – “ერთიანი ნაციონალური მოძრობა”.
ამასთან, კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მონაწილეობას მოსახლეობის 67% მიიღებდა, ხოლო არ მიიღებდა - 33%. 2016 წლის კვლევასთან შედარებით, ვითარება თითქმის არ არის შეცვლილი: მაშინ მონაწილეობის მიღებას 66% აპირებდა, 34% კი - არა.