
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფუძნებული საერთაშორისო ურთიერთობათა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელი, უნივერსიტეტის კავკასიის პრობლემათა ცენტრის წარმომადგენელი ნიკოლოზ სილაევი საქართველოში არ შეუშვეს და ბათუმის აეროპორტიდან უკან, მოსკოვში გააბრუნეს. ამის შესახებ თავად სილაევი "ფეისბუიქზე" წერს და აღნიშნავს, რომ ასე მოხდა ზუსტად 6 წლის წინ, 2009 წელსაც.
სილაევი წერს, რომ ბათუმის აეროპორტში ჩასულს, მას განუცხადეს, რომ საქართველოში ვერ შევა, თუმცა, მიზეზი არ განუმარტავთ: "არც მე, არც თვითმფრინავის ეკიპაჟს, რომლითაც უკან გამაბრუნეს, ქვეყანაში შესვლაზე უარის ოფიციალური დადასტურება არ გადმოგვცეს. სასაზღვრო კონტროლის ოფიცერმა მითხრა, რომ გადაწყვეტილება მან თვითონ, ერთპიროვნულად მიიღო, თუმცა, არა მგონია, მსგავსი გადაწყვეტილებები სასაზღვრო კონტროლის ცვლის უფროსის დონეზე მიიღებოდეს", - წერს სილაევი.
"მე უკვე ვიყავი პერსონა ნონ გრატა საქართველოში, 2009 წელს თბილისის აეროპორტიდან გამაბრუნეს. მაგრამ მაშინ ქვეყნის სათავეში მიხეილ სააკაშვილი იყო და ბევრ ჩემს კოლეგას არ აძლევდნენ ქვეყანაში შესვლის უფლებას. 2013 წლიდან მე ბევრჯერ ვიყავი საქართველოში და არაფერი ხელისშემშლელი ფაქტორი არ შემხვედრია. არც გამიგია, რომ ხელისუფლებაში მყოფ "ქართულ ოცნებას" ვინმეს შესვლაზე საქართველოში უარი ეთქვა. ახლა რა ხდება? რატომ გაუჩნდა, პირველად 2012 წლის შემდეგ, "ქართულ ოცნებას" სააკაშვილისეული ახირებები?", - კითხულობს სილაევი.
შეგახსენებთ, საერთაშორისო ურთიერთობათა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებელი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროა. თავად სილაევი უნივერსიტეტთან არსებული კავკასიის პრობლემებისა და რეგიონალური უსაფრთხოების ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელია.