
საინფორმაციო სააგენტო "ნიუპოსტი" საკუთარ წყაროზე დაყრდნობით აქვეყნებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, შესაძლოა, ე.წ. ციხის კადრების ავტორმა ვლადიმირ ბედუკიძემ "მხედრიონის" ყოფილ ლიდერთან თემურ ხაჩიშვილთან ერთად პოლიტიკური პარტია შექმნას და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.
"ნიუპოსტის" ინფორმაციით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მიმდინარე წლის 2 ივნისს შესაბამისი განცხადებაც შევიდა. როგორც ირკვევა, პარტიას "ცენტრისტები" ერქმევა. თავად ბედუკაძე ამ ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს.
ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ, მოსკოვიდან დაბრუნებული თემურ ხაჩიშვილი ექსპრემიერ ღარიბაშვილის მიმართ კეთილგანწყობას გამოხატავდა და ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებდა, რომ ის უახლოეს პერიოდში პოლიტიკურ აქტოვობას გეგმავდა. ,,ჩვენ არ დავუშვებთ სააკაშვილის და მისი ბანდის უკან მობრუნებას. ბოლო კაპიკის ჩათვლით მოვატანინებთ, რაც ხალხს და ქვეყანას წაართვეს და დედასაც ვუტირებთ!“ - აცხადებდა ხაჩიშვილი georgianpress.ge-სთან ინტერვიუში.
ცნობისათვის, გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში "მხედრიონის" ერთ-ერთი ლიდერი თემურ ხაჩიშვილი უშიშროების მინისტრის პირველ მოადგილედაც მუშაობდა, რის შემდეგაც შს მინისტრად დაინიშნა.
ხაჩიშვილი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე 1995 წელს განხორციელებული ტერაქტის ორგანიზების ბრალდებით იყო გასამართლებული. ის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ შეიწყალეს და გაათავისუფლეს. ასევე, ხაჩიშვილს ბრალად ედებოდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის, გიორგი ჭანტურიას მკვლელობის ორგანიზება.
გათავისუფლების შემდეგ ხაჩიშვილმა პოლიტიკური მოძრაობა "დათვი" დააფუძნა. თუმცა "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2004 წელს ხაჩიშვილი იარაღის უკანონო ტარებისა და შენახვის ბრალდებით დააკავეს, მოგვიანებით გაათავისუფლეს, რის შემდეგაც მან საქართველო დატოვა.