-
2015-12-25 14:15
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დაადასტურა, რომ მხარი დაუჭირა როგორც პრემიერმინისტრის გადადგომის შესახებ განცხადებას, ასევე პრემიერმინისტრობის ახალ კანდიდატს და გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა უკვე გადააგზავნა პარლამენტში:
„ახლა ჯერი პარლამენტზეა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ ლევან მურუსიძის არჩევასაც გამოეხმაურა.
„ამგვარი დანიშვნის მიმართ საზოგადოების მიუღებლობა განსაკუთრებით გამოჩნდა ამ დღეებში.
მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩემს მიერ დანიშნულმა ერთმა წევრმა (და მე ერთი მოსამართლის დანიშვნის უფლება მაქვს) დატოვა ეს კენჭისყრა.
ბრძოლა სამართლიანი სასამართლოს შესაქმნელად გრძელდება და მე ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვან“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტს აქვს უზენაეს სასამართლოში მოსამართლის წარდგენის უფლება, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოში - პირდაპირ მოსამართლის დანიშვნის უფლება, რასაც ის აქტიურად გამოიყენებს.