-
2015-11-28 12:47
ჟურნალისტი ეკა წამალაშვილი წერს, რომ ერთ-ერთ მასალაზე მუშაობისას, 1989 წლის 9 აპრილის ამბების შემსწავლელი რუსი გენერლის ალექსანდრე კატუსევის ბიოგრაფიისა და საქმიანობის მნიშვნელოვანი დეტალები გაარკვია და აღმოჩნდა, რომ ის ივანიშვილის ბანკ "როსიისკი კრედიტში" მრჩევლად მუშაობდა.
"გენერალი ალექსანდრ კატუსევი - საბჭოთა კავშირის უკანასკნელი სამხედრო პროკურორი, მან წარმოადგინა სსრკ სახალხო დეპუტატთა ყრილობაზე თბილისის 9 აპრილის გამოძიების დასკვნა,რომელშიც სადამსჯელო ოპერაცია ერთმნიშვნელოვნად იყო გამართლებული.
ამ ამაზრზენი დასკვნის საპროტესტოდ ქართველმა დეპუტატებმა და ანდრეი სახაროვმა დარბაზი დატოვეს.
დავინტერესდი რა ბედი ეწვია მას შემდეგ გენერალ კატუსევს, სად იყო, რას აკეთებდა და აღმოვაჩინე, რომ სსრკ დაშლის შემდეგ, წლების მანძილზე ის ბიძინა ივანიშვილის ბანკ "როსიისკი კრედიტში" მუშაობდა მმართველის მთავარი მრჩევლის პოზიციაზე...
ps. все дороги идут в Рим", - წერს ეკა წამალაშვილი.
"აფხაზეთის ხმამ" დამატებით გაარკვია, რომ ალექსანდრე კატუსევი, რომელიც 2000 წელს, 61 წლისა გარდაიცვალა, სამხედრო იურისტი და სსრკ-ს მთავარი სამხედრო პროკურორი, ასევე სსრკ-ს გენერალური პროკურორის მოადგილე იყო. მას გენერალ-ლეიტენანტის წოდება ჰქონდა და მთავარ სამხედრო პროკურორად სწორედ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ გადაიყვანეს. სსრკ-ს დაშლის შემდეგ მის ბიოგრაფიაში შეგნებულად იყო გამოტოვებული, რომ სწორედ ის ხელმძღვანელობდა სამხედრო პროკურატურის გამოძიებას და წარადგინა დასკვნა, რომელსაც გენერალი როდიონოვი დაეყრდნო, როცა ანგარიში სსრკ-ს სახალხო დეპუტატთა ყრილობაზე წარადგინა.

