-
2015-11-27 09:45
თურქეთსა და რუსეთს შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობებს პოლიტოლოგი გია ნოდია ეხმიანება და წერს, რომ რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებით გამოწვეული სიხარული მხოლოდ შიშველი ემოცია არ არის.
„ისტორიულად, რუსეთი ყოველთვის ჩერდებოდა, როცა ძალას ხედავდა, და ახლა სწორედ ის შემთხვევაა. ხოლო ურთიერთობის გარკვეული გაფუჭება რუსეთსა და თურქეთს შორის, ისევე როგორც რუსეთსა და ნატოს შორის, რატომაა ჩვენთვის წამგებიანი და სანერვიულო, ამის არგუმენტი ჯერ არ გამიგია.
პირიქით მგონია: თურქეთს ჰქონდა გარკვეული ტენდენციები, ზედმეტად ლოიალური ყოფილიყო რუსეთის მიმართ ნატოსთან კავშირების საზიანოდ (გავიხსენოთ 2008 წლის ომის დღეებში წამოყენებული "სტაბილობის და თანამშრომლობის პაქტის" იდეა), და სწორედ ესაა ჩვენთვის სახიფათო.
წმინდა ქართული პერსპექტივაც რომ ერთი წუთით გვერდით გადავდოთ, ეს ფაქტი არც აისისთან თუ დაეშთან ბრძოლის ინტერესებიდან გამომდინარე არ არის ცუდი. რუსეთი არ არის და არასოდეს იქნება ანტი-ტერორისტული კოალიციის კონსტრუქციული წევრი, პირიქით, ხელისშემშლელია, და რაც უფრო თავის ადგილას დააყენებენ, უკეთესია.
ასე რომ, რუსეთის თვითმფრინავით ჩამოგდებით გამოწვეული სიხარული სულაც არ არის მხოლოდ შიშველი ემოცია, Schadenfreude, სიხარული იმის გამო, რომ ჩვენი მტერი შეარცხვინეს (თუმცა ეს ემოციაც ადამიანურად სრულიად გასაგებია და მისი არ უნდა გვცხენოდეს). სრულიად რაციონალური საფუძველი გვაქვს (როგორც საქართველოს და როგორც ცივილიზებული კაცობრიობის ნაწილს), ეს ფაქტი ცალსახად პოზიტიურად შევაფასოთ (აქვე დავაზუსტებ, თუ ეს საჭიროა. რომ ერდოღანი ჩემი გმირი სულაც არ არის)“, - წერს გია ნოდია.