
გაზეთ "ქრონიკა+"-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, ჟურნალისტი ელისო კილაძე, რომელმაც დაანონსა, რომ გამოაქვეყნებდა ყველა ჩანაწერს, რომელიც ლადო ბედუკაძეს უკავშირდება, პირველ ჩანაწერს აქვეყნებს. ჩანაწერი თავად ბედუკაძის მიერაა გაკეთებული და ის თავის ცოლთან საუბრის ფრაგმენტია.
ბედუკაძე ცოლს ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ ესაუბრება, ჩანაწერი 2012 წლის არჩევნების შემდეგაა გაკეთებული. ლადო ბედუკაძე ახსენებს "იმ გოგოს", რომელიც ღარიბაშვილთან არის დაახლოებული და ასევე, თამაზს, რომელმაც სახლში უნდა გაუაროს თვის ბოლოს. ჩანაწერი ადასტურებს, რომ ლადო ბედუკაძეს პირდაპირი კავშირი აქვს იმდროინდელ შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, ხოლო "ის გოგო", სავარაუდოდ, ჟურნალისტია, რომელიც ხშირად იკვეხნის ღარიბაშვილთან და მის ოჯახთან ახლობლობით.
ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტარებსა და გაჩენილ ვარაუდებს გამოეხმაურა ნინო ჯღარკავა, რომელმაც აღნიშნა, რომ ჩანაწერში მოხსენიებული "თამაზი" თამაზ ელიზბარაშვილია, რომელიც ხშირად ურიცხავდა ფულს ლადო ბედუკაძეს, ხოლო "ის გოგო" თავად არ არის და ვინც არის, ჯღარკავას თქმით, ბედუკაძეს ეცოდინება.