-
2015-11-21 07:10
NDI-ს მიერ საქართველოს ცხრა ქალაქში გამოკითხული 4.448 მოქალაქიდან შეკითხვაზე „ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?“, 13% პასუხობს, რომ ხმას ენმ-ს მისცემდა, 11% კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს.
ამ შეკითხვაზე „ალასანია - გაერთიანებული დემოკრატები“ და „პატრიოტთა ალიანსი“ გამოკითხულთა 4%-მა დაასახელა, ლეიბორისტული პარტია 3%-მა, ხოლო სხვა პარტიებმა ჯამში 3% მიიღეს.
პასუხი „არ ვიცი“ ამ შეკითხვაზე გამოკითხულთა 35%-მა გასცა, „არცერთ პარტიას არ მივცემდი ხმას“ – 14%-მა, ხოლო პასუხზე უარი 13%-მა განაცხადა.
NDI-ს კვლევა 2015 წლის აგვისტო-სექტემბერში საქართველოს ქალაქებში: თბილისში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმში, თელავში, ოზურგეთში, მცხეთასა და ახალციხეში ჩატარდა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა საერთო რაოდენობიდან უმრავლესობას - 59%-ს ჯერ არა აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემს ხმას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს.
NDI-ს ამ კვლევის სხვა ნაწილში, სადაც გამოკითხულები მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომ პარტიას ასახელებენ, წინა, აპრილის კვლევებთან შედარებით „ქართულ ოცნებას“ 6%-იანი ვარდნა აქვს, ხოლო ენმ-ს მაჩვენებელი უცვლელია.
აპრილის კვლევებში თავიანთ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგარ პარტიად „ოცნებას“ 20% ასახელებდა, აგვისტო-სექტემბრის კვლევაში კი ასეთად იგი 14%-მა დაასახელა. რაც შეეხება ენმ-ს, მისი მაჩვენებელი ამ კუთხით აპრილის კვლევებშიც და ახლაც, 13%-ია.