ISIS-ის ყოფილი მებრძოლი: "მათ სპეციალისტებად კი არა, საზარბაზნე ხორცად სჭირდებით!"

Image

IS-ის ყოფილი მებრძოლი, დაღესტნელი ალი ისლამოვი, რომელმაც სამშვიდობოზე გასვლა მოახერხა, მკითხველს “ისლამური სახელმწიფოს” რიგებში ყოფნის დეტალებს სოციალურ ქსელში აცნობს და მოუწოდებს, ასჯერ დაფიქრდნენ, სანამ IS-ის გზას დაადგებიან. “აქცენტი” ისლამოვის რუსულენოვანი “პოსტიდან” რიგი ამონარიდების თარგმანს აქვეყნებს, რომელსაც "აფხაზეთის ხმაც" გთავაზობთ: 

 

“უპირველესად, ერთხელ შესული, უკვე ვეღარასოდეს გამოხვალთ. მაშინვე გართმევენ პასპორტს და მას აღარ დაგიბრუნებენ. არადა, “ისლამური სახელმწიფოს” ქალაქებს შორის გადაადგილება დოკუმენტების გარეშე შეუძლებელია და საშვის გარეშე რაქიდან მოსულშიც კი ვერ მოხვდებით, არათუ გახვალთ დაულიდან.

 

ერთხელ, ჯერ კიდევ დაღესტანში ყოფნისას მათი მოწოდებები გავიგონე, “ჩამოდით, თუ არ მოგეწონებათ, შეძლებთ დაბრუნებასო”. ეს ტყუილია: ვერ შეძლებთ! მეორეც, თქვენს მიმართ დამოკიდებულება ისეთივეა, როგორც საზარბაზნე ხორცის მიმართ. ამირები თავისუფლად გიშვებენ უეჭველ და, რაც მთავარია, უაზრო სიკვდილზე, მერე – სხვებს, მერე კიდევ სხვებს და ასე უსასრულოდ. გაიხსენეთ ქობანი: როდესაც ცხადი გახდა, რომ ქალაქს ვეღარ შევინარჩუნებდით, კიდევ დიდხანს აგზავნიდნენ იქ ჩვენი ძმების მთელს ჯგუფებს მედიისთვის რაღაც სურათის შესაქმნელად და დამარცხების მისაჩქმალად.

 

მერე მოიგონეს, თითქოს ქობანი აღებულია. არანაირი სათანადო სამხედრო მომზადება არ წარმოებს, უფრო მეტს დარბიხარ, ან რა მომზადებაა შესაძლებელი ორ-სამ თვეში?! შედეგად არის უდიდესი მსხვერპლი. მესამე -  რა ელის თქვენს ოჯახს, თუ შაჰიდი გახდებით: თქვენს ცოლებს გულს შეუწუხებენ მოთხოვნებით, სხვას გაჰყვეს ცოლად, უარის შემთხვევაში კი გაასახლებენ და დააბინავებენ სადმე მისნაირ 15-20 დასთან და ბავშვთან ერთად, ძალიან მძიმე პირობებში და დაცვის გარეშე, სიცივეში და შეზღუდული საკვებით. თუ წასვლას მოინდომებს, არ გაუშვებენ.

 

მეოთხე -  რასაც ამირი ალ ბაღდადი ამბობდა, რომ საჭიროა სპეციალისტები, ყველაფერი ტყუილია: მათ სჭირდებათ არა სპეციალისტები, არამედ საზარბაზნე ხორცი. მე მინახავს ჩამოსული სხვადასხვა პროფესიის არაერთ ძმა, თუმცა ვერავის უპოვეს დანიშნულება, გარდა ექიმებისა.

 

მეხუთე -  ძმები აქ ძალიან განსხვავებულები არიან: ზოგი ძალიან საინტერესოა – არიან მალდივებიდან, შრი ლანკიდან, ავსტრალიიდან, მთელი მსოფლიოდან, თუმცა რუსულენოვანებს შორის ბევრია უვარგისი, უვიცი. შეუძლიათ, წავიდნენ შარიათის სასამართლოში და ცილი დასწამონ ძმებს პირადი შურისა და ზედმეტი ამბიციების გამო. მოსამართლეები უკვე დაიღალნენ ჩვენი “გარჩევებით”.

 

ბევრია ურჯულო, თუმცა ისინი ახლა იმალებიან. ბევრია ასევე ღრმად მორწმუნე ძმა, ძალიან კარგი და ამიტომაც განსაკუთრებით დასანანია, როცა ამირებს მათ მიმართ ასეთი დამოკიდებულება აქვთ და როცა მათ კარგავ. მეექვსე – დამოკიდებულება შარიათული ცოდნის მიმართ:ზოგიერთს საერთოდ არ უყვარს და ღიად გამოხატავს ცოდნის მოთხოვნისა და მომთხოვნელთა მიმართ მიუღებლობას. ყურანიდან იღებენ მხოლოდ იმას, რაც დაულის („ისლამური სახელმწიფოს“) მოქმედებას მიესადაგება.

 

იგივე დაწვა რომ ავიღოთ, თუ ეჭვს შეიტან ამის მართებულობაში, გაგაიგივებენ ლამის თვალთმაქც მუსლიმთან. დაულის ქცევები ბევრისთვის არგუმენტად იქცა რელიგიაში და ბევრი თვლის, რომ დაული ვერ შეცდება. მეშვიდე -  ფრონტებზე არსებული რეალური მდგომარეობა: მე ინსტიტუტში სამხედრო კათედრაზე ვსწავლობდი, ამიტომ ცოტა რამ გამეგება და ვხვდები, რომ ეს დასასრულია. არის ასეთი ცნება – ტაქტიკური წარმატება და არის სტრატეგიული.

 

ტაქტიკური წარმატება სადმე შეიძლება, იყოს – მაგალითად, ასადიტებს წააწაპნო რაიმე, მაგრამ სტრატეგიული - უკვე მხოლოდ დროის საკითხია, როდის შეწყვეტს დაული არსებობას. სინჯარი დაეცა, მოსული და რაქი გათიშულია ერთმანეთისგან და იქ სერიოზული ოპერაციები მზადდება. თურქეთთან საზღვარზე მხოლოდ ერთი შორეული მონაკვეთია, რომელიც ადვილია მოსაჭრელად. რა თქმა უნდა, მუჯაჰედები ადვილად არ დათმობენ მნიშვნელოვან ქალაქებს, თუმცა საბოლოო ჯამში, არაფერი შეიცვლება – ასევე იყო ტიკრიტში, სადაც დიდხანს და თავგამოდებით იბრძოდნენ, თუმცა საბოლოოდ უკან დაიხიეს.

 

ასე, რომ, ვისაც წასვლა გსურთ, კარგად დაფიქრდით: გინდათ, თავი გაწიროთ რაღაც მედიასურათის წარმოსაჩენად და აგონიის გასახანგრძლივებლად? თუ საკუთარ თავზე არ ფიქრობთ, იფიქრეთ ოჯახზე მაინც! როდესაც თელ აბიადი დაეცა, ეს არაადამიანები ძალადობდნენ უბრალო თურქმენ და სირიელ ქალებზე – წარმოიდგინეთ, რას უზამენ მუჰაჯირ დებს “ისლამური სახელმწიფოდან”! თქვენს შვილებზეც ხომ აგებთ პასუხს?! მერვე – ხალიფა: დაუსვით საკუთარ თავს კითხვა – როდის გამოჩნდა იგი ბოლოს? რატომ არ მოგვილოცა იდი (ყურბან ბაირამი)? აქ დადის ხმები, რომ ის უკვე დიდი ხანია, აღარ არის ცოცხალი. მეცხრე – ვის აწყობს ეს?

 

მუსლიმს თავი უნდა ებას მხრებზე და მას მხოლოდ ჭამისთვის იყენებდეს. დიახ, მე სისუსტე გამოვიჩინე, ისევე, როგორც ყველა ჩვენგანმა და დამიყოლიეს გამარჯვებების შესახებ ფერადი ვიდეოებით, მაგრამ შემდეგ ნელ-ნელა აზრმა დაიწყო დაბრუნება. დაფიქრდით, თურქეთი ნატო-ს წევრია და ამერიკელების სტრატეგიული პარტნიორი;ნუთუ გაუჭირდებოდა, რეალურად გადაეკეტა საზღვარი?! ეს საკითხი ხომ რამდენიმე საჯარისო ნაწილის შეყვანით და ხარისხიანი სასაზღვრო ნაგებობის აღმართვით წყდება  - ანუ, მაქსიმუმ, ერთთვიანი საქმით?! არადა, უკვე რამდენიმე წელია გასული.

 

ესე იგი, ამას შეგნებულად არ აკეთებენ… რატომ? იმდენი იარაღი დატოვეს მოსულში – შემთხვევით თუ სპეციალურად? რატომაა, რომ ბევრი სახელმწიფოს, მათ შორის რუსეთის სპეცსამსახურები არათუ არ უშლიან ხელს “ისლამურ სახელმწიფოში” გამგზავრებას, არამედ შეიძლება, უბიძგებდნენ კიდეც ამისაკენ? როგორ აღმოჩნდა იქ ნადირ აბუ ხალიდი? რატომ იცნობენ ძმებს, რომლებიც სტამბოლში მუჰაჯირებს ხვდებიან, იცნობენ, მაგრამ განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, არ აკავებენ თურქული სპეცსამსახურები? საერთოდაც, როგორ იყო ამირი ალ ბაღდადი ამერიკული ციხის ტუსაღი, შემდეგ კი გამოვიდა და მშვიდად გახდა ამირი?!

 

დაფიქრდით კიდევ აი, რაზე: ყოველი მუსლიმი, რომელიც წესებს იცავს, იმ ისლამის მატარებელია, რომლითაც წინასწარმეტყველი მოვიდა. კაფირებისთვის ჩვენ ყელში ძვალივით ვართ. სწორედ ჩვენ ვართ, ალაჰის ნებით, ისლამის ღერძი, არ ვაძლევთ მათ მისი ძებნის შესაძლებლობას, მოვუწოდებთ აქიდისკენ. ამავე დროს, მათი კანონები არ იძლევა შესაძლებლობას, უბრალოდ აიღონ და მოგვკლან – ჩვენ ხომ მათი ქვეყნების მოქალაქეები ვართ! და რომ ავიღოთ და შევქმნათ ფანტომი, ან არ შევუშალოთ ხელი, თავად გამოჩნდეს  გარკვეული დროის განმავლობაში წინააღმდეგობის არგაწევით და ამდენი ხნის განმავლობაში ნანატრი იმ ხალიფატის არდაბომბვით, სადაც ყველანი გადასახლდებიან და სადაც შესაძლებელი იქნება ყველა მათგანის ერთ ადგილზე შეყრა და ჰაერიდან ამოწყვეტა? სწორედ ასე ხდება ახლა.

 

შეხედეთ დაღესტანს: ადრე ჩვენი მეჩეთები სავსე იყო ხალხით და ისეთი ძმები, როგორებიც არიან ნადირი, აბუ ამირი, ქამილ აბუ სულთანი და სხვები, ატარებდნენ გაკვეთილებს. ხალხი მთელი ჯგუფებით შედიოდა ისლამში, მიმდინარეობდა გაკვეთილები და კაფირები პანიკაში იყვნენ, არ იცოდნენ, რა გაეკეთებინათ. ახლა რა? ყველა წავიდა, გაკვეთილები არ ტარდება, მოწოდებები არ ჩანს, მინბარებზე [ამბიონის მსგავსი მეჩეთი] მხოლოდ “მშვიდობიანები” არიან, როგორიცაა, მაგალითად, აბდულა აბუ ამირი და მათაც სრესენ. მშობლები მზად არიან, ხელბორკილებით მიაბან შვილები, რომ არ გაუშვან სალაფიტურ მეჩეთებში, რადგან იციან, რომ საბოლოო ჯამში, ისინი დაულში წავლენ და დაიღუპებიან.

 

ვინ იხეირა ამით? ასევე საინტერესოა, რატომ ეკრძალებათ ცნობილ სტუდენტებს, თუ ჩავიდნენ “ისლამურ სახელმწიოში”, ფეისბუქ-კონტაქტები, ტვიტერში შესვლა და საკუთარი სახელით ჩანაწერების დატოვება? შედედეგად ვერ ვხედავთ ვერანაირ ახალ ლექციებს. ახლა ვნახოთ, როგორ მოუწოდებენ დაულის წარმომადგენლები საკუთარ მიმართვებში მათ, ვინც ურწმუნოთა ქვეყნებშია, ააფეთქონ, მოკლან და ჩეხონ ურწმუნოები ნებისმიერი საშუალებით, განურჩევლად ყველასი და ყველაფრისა.

 

რასთან მიგვიყვანს ეს? - მთელს მსოფლიოში ისლამისა და მუსლიმების მიმართ გაბოროტებასთან და მათი უფლებების შეზღუდვასთან. ვის აწყობს ეს? - კაფირებს. პლიუს ამას, მორიგი მუსლიმები დევნის გამო დაადგებიან “ისლამური სახელმწიფოს” გზას, სადაც მათ ნებისმიერ ხელსაყრელ მომენტში განადგურება ემუქრებათ. დიდება ალაჰს, რომ ჭრილობის გამო შევძელი წამოსვლა. იცით, რამდენი ძმაა აქ ისეთი, რომელიც მიხვდა და წამოსვლას ვერ ახერხებს? ისინი ისმენენ ბრძანებებს და ემორჩილებიან, მიდიან უცილობელ სიკვდილზე მხოლოდ იმიტომ, რომ არჩევანი აღარ აქვთ.

 

ამიტომაც ჩავთვალე თავი ვალდებულად, გამეფრთხილებინა ყველა. ვიცი, რომ კიდევ ბევრია მოხიბლული, ისევე, როგორც მე ვიყავი ოდესღაც   და ახლაც ვერაფერს გაიგებენ ჩემი ნაწერიდან, მაგრამ ვინმე შეიძლება, დაფიქრდეს და შეჩერდეს, არ გაიმეოროს სხვისი შეცდომები" – წერს ალი ისლამოვი.

 

წყარო: "აქცენტი"

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !