-
2015-11-10 04:09
შპს „რ.ბ.ჯ.“ რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი სახელმწიფო ტელევიზიის - ORT-ს პირველი არხის პროგრამებს ღია საეთერო ციფრული ქსელით ავრცელებს, რაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევაა.
აღნიშნული მაუწყებლის კონტენტი რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი მაუწყებლის „ORT“-ს პროგრამების ქართულ ვერსიას წარმოადგენს და ეკრანზეც ასახულია რუსეთის პირველი არხის ლოგო და წარწერა - „გასართობი“, ასევე "საცდელი მაუწყებლობა".
აღნიშნული მაუწყებლის პროგრამები, ციფრული საეთერო მაუწყებლობის ქსელით, რამდენიმე საათით, 2015 წლის ივლისში გავრცელდა, თუმცა, კომისიის ჩარევის შედეგად, მაუწყებლობა შეწყდა. რიგი დარღვევების გამო კომისიის მიერ აღნიშნული მაუწყებლის მიმართ, კანონის და ავტორიზაციის პირობების დარღვევის გამო 2015 წლის ივლისში მოხდა სანქციის სახით გაფრთხილების გამოყენება.
კომისიამ აღმოაჩინა, რომ შპს „რ.ბ.ჯ.“ რუსული სახელმწიფო პირველი არხის კონტენტის ტრანსლირებას ახდენდა და 2015 წლის 3 ივლისს გაფრთხილებულ იქნა მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის 451-ე მე-10 პუნქტის დ) და ვ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო.
საქმის წარმოებას საფუძვლად დაედო კომისიის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მონიტორინგის შედეგები, რომლის მიხედვითაც, აღმოჩნდა, რომ შპს „სტერეო +“-ის მულტიპლექსორში ჩართული იყო შპს „რ.ბ.ჯ“. (ტელეკომპანიამ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მაუწყებლობაზე ავტორიზაცია 2015 წლის 5 მარტს გაიარა).
ტელეკომპანია გადასცემდა რუსულენოვან პროგრამებს, რუსეთის სახელმწიფო არხის (ОРТ) ლოგოთი და წარწერით - „Грузия“. სამაუწყებლო არხ „ОРТ“-ს ოფიციალურ ვებგვერდზე (http://www.1tv.com) გამოქვეყნებული პროგრამების თანმიმდევრობა შპს „რ.ბ.ჯ“–ს მიერ გავრცელებული სიგნალის იდენტური იყო.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული არხი და მისი პროგრამები იქმნება რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო „საზოგადოებრივი“ არხის მიერ რუსულ ენაზე და შემდგომ ხმოვანდება ქართულად. რუსეთის ფედერაციის პირველი არხის ინტერნეტ გვერდის მონაცემებთან და საქართველოში ავტორიზებული არხის და ОРТ-ს პროგრამებთან შედარებით, ეს გარემოება ცალსახად დგინდება.
კონტენტის იდენტურობის გარდა, არანაკლებ საინტერესოა ამ ტელევიზიის დაფინანსების საკითხიც, რადგან ტელევიზია ფუნქციონირებს, ხოლო მათ მიერ დეკლარირებულია ნულოვანი შემოსავლები. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად (451-ე მუხლი) ტელევიზიამ მარეგულირებელს უნდა წარუდგინოს, როგორც განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ, ასევე მონაცემები განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფციის შესახებ.
კანონის შესაბამისად ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ გამჭვირვალე უნდა იყოს, ასევე ინფორმაცია მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა შესახებ ქონებრივი დეკლარაციის სახით.
ცალსახაა, რომ მარეგულირებელ კომისიაში დაფინანსების შესახებ დეკლარირებისას მითითებული წყაროების შესახებ მონაცემები არასწორია, რადგან ორი თვის მონაცემებით ფიქსირდება ნულოვანი შემოსავლები და გაურკვეველია საიდან ხდება თუნდაც კონტენტის გახმოვანების და აგრეგაციის, ასევე მისი ტრანსლირების 22 000 ლარზე მეტი ხარჯების დაფინანსება.
შპს „რ.ბ.ჯ.“ საქართველოში 2015 წლის 17 თებერვალს გიორგი ჯაფარიძემ დააფუძნა. დირექტორად კი გია ტოგონიძე დანიშნა. ტოგონიძე და ჯაფარიძე პროდიუსერ ბიძინა ბარათაშვილთან ერთად მანამდე ერთად ფლობდნენ „ჯითივი სტუდიას“, დირექტორის პოსტს აქაც გია ტოგონიძე იკავებს.
დაფუძნებიდან ერთი თვის შემდეგ, შპს „რ.ბ.ჯ.-მ საერთო მაუწყებლობაზე ავტორიზაცია გაიარა და შპს „სტერეო +“-ის კუთვნილ ციფრულ საეთერო მაუწყებლობის მულტიპლექსით გავრცელდა მთელ საქართველოზე. შესაბამისად, მისი მიღება უფასოდ, ანტენით იყო შესაძლებელი.
ივნისში კომპანიის დამფუძნებელი შეიცვალა - გიორგი ჯაფარიძემ საკუთარი წილის 90% რუსეთის მოქალაქე, ოლგა მილიაევას გადასცა, 10% კი საქართველოს მოქალაქე ირაკლი ადამიას. ოლგა მილიაევა საქართველოში დაიბადა, თუმცა, მოსკოვში მოღვაწეობს და იქვე ხელმძღვანელობს კომპანიას "ДОМИНАНТА". კომპანიის დირექტორის პოსტზე კვლავ გია ტოგონიძე დარჩა.
მიმდინარე წლის 2 ნოემბერს, ააიპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) განცხადებით მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას და მოითხოვა შპს „რ.ბ.ჯ.“-ს სანქცირება, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევის გამო. განცხადება სრულად გამოქვეყნებულია ორგანიზაციის ვებგვერდზე.