
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა საგანგებო განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გახშირდა ანგარიშსწორების მუქარა მოსამართლეებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ და სამართალდამცველ ორგანოებს მიმართა, უზრუნველყონ საკონსტიტუციო სასამართლოს ნორმალური მუშაობა.
გიორგი პაპუაშვილის თქმით, ის შეხვდა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და სამწუხაროა, რომ ქვეყანაში არსებულ სიტუაციასთან ერთად, ზეწოლის მცდელობის ფაქტებზე ესაუბრა:
"მე ვსაუბრობ ზეწოლის მცდელობაზე, ზეწოლას ჩვენ არ განვიცდით, სასამართლო ჩვეულებრივად მუშაობს, მაგრამ არის მცდელობები. ვერ დავიწყებ სპეკულაციას, ვისგან მოდის მსგავსი ზეწოლის მცდელობა, ეს არის სამართალდამცველი ორგანოების პრეროგატივა. მე ვესაუბრე შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელსაც მივაწოდე ინფორმაცია იმის შესახებ, რაც ხდება", - აღნიშნა გიორგი პაპუაშვილმა, რომელმაც დაამატა, რომ მსგავსი ფაქტები საფრთხეს უქმნის საქართველოს, როგორც სტაბილური ქვეყნის იმიჯს.