-
2015-09-17 01:58
"რუსთავი-2"-ის გენდირექტორი, იურისტი ნიკა გვარამია განმარტავს, რატომ უნდა გათავისუფლდეს გიგი უგულავა დაუყოვნებლივ და ერთგვარად პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ უგულავას გასათავისუფლებლად საჭიროა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილება.
"საკონსტიტუციო სასამართლომ ძალადაკარგულად გამოაცხადა ნორმა, რომლითაც უგულავა იმყოფება პატიმრობაში. ეს გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და იქცევა მოქმედ სამართლად. შესაბამისად, უგულავა ამ წუთში იმყოფება უკანონო პატიმრობაში.
ნებისმიერ ასეთ ვითარებაში, პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს პირის თავისუფლება. კანონით, პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია შეასრულოს არა მხოლოდ საერთო სასამართლოების დანაწესები, არამედ კანონისმიერი ვალდებულებებიც, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, რომელიც არ ტოვებს ინტერპრეტაციის შესაძლებლობას და, შესაბამისად, არ არსებობს ამის საჭიროება საერთო სასამართლოების მხრიდან.
ამას გარდა, ასევე კანონით, პენიტენციური დაწესებულებები ასრულებენ სასამართლოს გადაწყვეტილებებს. ტერმინი სასამართლო არ მოიცავს მხოლოდ საერთო სასამართლოებს, არამედ საკონსტიტუციო სასამართლოსაც.
ანალოგიის სახით შეიძლება მოვიყვანოთ შემთხვევა, როდესაც უქმდება სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული მუხლი. ამ ვითარებაში, ამ მუხლით მსჯავრდებულები თავისუფლდებიან ავტომატურ რეჟიმში და არა დამატებითი სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე.
თუნდაც ზემოთმოყვანილი საკითხები ექვემდებარებოდეს კოლიზიურ განმარტებებს, ნორმის უშუალო აღმსრულებელმა (პენიტენციურმა დაწესებულებამ) განმარტება უნდა გააკეთოს და ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაჭრას უფლებაშეზღუდულის სასარგებლოდ და აღადგინოს დარღვეული (თუნდაც, მაღალი ალბათობით დარღვეული) უფლება.
წინააღმდეგ შემთხვევაში, თავისუფლების შეზღუდვის შინაარსიდან გამომდინარე (რაც განსხვავდება, მაგალითად, იგივე უგულავას მერის თანამდებობიდან გადაყენებისაგან) უკანონო პატიმრობა რჩება ძალაში და უფლება დაირღვევა შეუქცევადად და არააღდგენადად, რაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საფუძველია ყველა უფლებამოსილი პირის, პენტიტენციური სისტემის მინისტრის ჩათვლით", - წერს ნიკა გვარამია.
შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებასთან დაკავშირებით იურისტთა სხვადასხვაგვარი მოსაზრებები გავრცელდა.