-
2015-09-17 00:50
იმის შესახებ, ითვლება თუ არა თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა უკანონო პატიმრად და უნდა გათავისუფლდეს თუ არა დაუყოვნებლივ მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადდა, განსხვავებული პოზიციები აქვთ უგულავას ადვოკატს ბექა ბასილაიას, ეკა ბესელიასა და ლევან ალაფიშვილს.
„მოკლე იურიდიული განმარტება სიცხადისთვის: იმისთვის, რომ ბრალდებულმა დატოვოს საპატიმრო დაწესებულება, საჭიროა არსებობდეს საერთო სასამართლოების გადაწყვეტილება, რაც დღეს არ არსებობს. საკონსტიტუციო სასართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ვიდრე არ მოყვება საერთო სასამართლოს მიერ კონკრეტული გადაწყვეტილება პირის გათავისუფლების თაობაზე, ავტომატურ რეჟიმში ასეთი გადაწყვეტილება კანონმდებლობით ვერ მოხდება“, - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია.
"დარბაზში გამოცხადება კანონიერია. ის რაც მოისმინეს სასამართლო დარბაზში, რაც მოისმინა მთელმა ქვეყანამ აღასრულონ, ამის შემდგომ იმაზე საუბარი, რომ რაღაც უნდა ჩაბარდეს, რაღაც დოკუმენტი უნდა მიიღონ, ეს არის აბსურდი, ეს არის ქაღალდომანია, ეს "ტიან შანია", "ცისფერი მთებია", ეს არის დასჯადი ქმედება და მარტივად არ ჩაივლის, როგორც ბევრს ჰგონია,"- გიგი უგულავას ადვოკატი ბექა ბასილაია.
"კანონის მიხედვით, სასამართლომ 72 საათის განმავლობაში უნდა იმსჯელოს ამ საკითხზე და თუკი სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას გააუქმოს ან შეცვალოს პატიმრობა, სასჯელაღსრულებითი დაწესებულოება ვალდებულია გიგი უგულავა გარეთ გამოუშვას”, – იურისტი და სამართალმცოდნე ლევან ალაფიშვილი.