
ვინც თვალყურს ადევნებს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და სულ ოდნავ მაინც ერკვევა გლობალურ პოლიტიკაში, ცხადია, იცის, რომ სააკაშვილი უკრაინაში - ბევრად მეტია, ვიდრე ერთი საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
ოდესა უკრაინის მთავარი საკურორტო ნაწილია ყირიმის დაკარგვის შემდეგ და არცაა გასაკვირი, რომ სწორედ ოდესა უნდა იქცეს წარმატებული რეფორმების ვიტრინად მთელი მსოფლიოსთვის. სააკაშვილიც სწორედ ამ ნიშნით შეირჩა და რაც მთავარია, უკრაინის პრეზიდენტისგან კარტ-ბლანშიც მიიღო. სწორედ ამიტომაა, რომ სააკაშვილი უკვე გადასწვდა ირგვლივ ყველას და ყველაფერს, პეტრო პოროშენკოს გარდა, არადა, ჩვენს შორის რომ დარჩეს, პოროშენკოს დადანაშაულება ოლიგარქებისადმი ლოიალობაში (წარსულში მაინც, თუ ახლა არა), არანაკლებ ადვილია, ვიდრე არსენ იაცენუკის დადანაშაულება, რასაც სააკაშვილი ამ ბოლო დროს, საკმაოდ ხშირად აკეთებს.
სწორედ სააკაშვილის მხრიდან იაცენუკის კრიტიკამ გამოიწვია ის ხმები, რომ სააკაშვილს უკრაინის პრემიერად ამზადებენ. კაცმა რომ თქვას, ეს ხმები მანამდეც ისმოდა, მაგრამ არა ასე საფუძვლიანად, მით უმეტეს, რომ პრეზიდენტ პოროშენკოს ვებგვერდზე უკვე დაიწყო უკრაინის მოქალაქეების მიერ პეტიციაზე ხელმოწერა, სადაც სააკაშვილის პრემიერად დანიშვნას ითხოვენ.
ახალი წესების თანახმად, უკრაინის პრეზიდენტმა და მთავრობამ ინიციატივა აუცილებლად უნდა განიხილონ, თუ მასზე 25.000 მოქალაქის ხელმოწერა მოგროვდება (საუბარია უკრაინის მოქალაქეებზე), ხოლო ეჭვი იმაში, რომ სააკაშვილის გაპრემიერების მოთხოვნა ამდენ ხელმოწერას ნამდვილად მოაგროვებს, არავის ეპარება...
უკრაინელები პრეზიდენტის ვებგვერდზე კიდევ ერთ პეტიციაზე - მარიხუანის ლეგალიზაციაზე აგროვებენ ხელმოწერებს, მაგრამ ეს არავის უკვირს და არც განხილვის თემაა, განხილვის თემად 3 სექტემბრის მერე სრულიად უკრაინაში სააკაშვილი-იაცენუკის დაპირისპირებაა ქცეული და ეს ბუნებრივიცაა.
გასაკვირია, მაგრამ სააკაშვილის კრიტიკამ, როცა მან იაცენუკი ლამის ღიად დაადანაშაულა ოლიგარქების - კოლომიისკისა და ახმატოვის მფარველობაში, უფრო მეტად ოლიგარქი გააბრაზა, ვიდრე იაცენული. უკრაინის პრემიერი ბრალდებებს საკმაოდ მშვიდად და ღირსეულად შეხვდა: „არ ღირს, ყოფილი პრეზიდენტი უსაფუძვლო ბრალდებებით დაკავდეს. წარმომიდგენია, როგორ უჭირს მას. ყველას ძალიან გვიჭირს, მაგრამ უსაფუძვლო ბრალდებები მხოლოდ მტრის წისქვილზე ასხამს ხელს“, - სულ ეს იყო მისი რეაქცია, თან, იქვე დაამატა, რომ არ აპირებს მის მიმართ გამოხტომებზე პასუხს.
მაგრამ სააკაშვილმა პასუხის პასუხად ვიდეომიმართვა ჩაწერა და თავის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოაქვეყნა. მან კონკრეტული რიცხვი დაასახელა და განაცხადა, რომ ოლიგარქებისადმი ლოიალურობითა და მათი მფარველობის გამო უკრაინის ბიუჯეტმა, იაცენუკის პრემიერობის წლებში, მინიმუმ, 4,5 მილიარდ დოლარი დაკარგა. სააკაშვილის აზრით, სწორედ ეს შემოსავალი მოჰქონდა სახელმწიფო საწარმოებს, რაც ოლიგარქებისა და მათი მფარველების ჯიბეში ილექებოდა.
კოლომიისკი, უკრაინის პატრიოტად მიჩნეული ოლიგარქი, დნეპროპეტროვსკის ოლქის ყოფილი გუბერნატორი ძალიან გააცხარა სააკაშვილის ბრალდებებმა. იმ დონემდეც კი, რომ მას „ნარკომანი“ უწოდა და განაცხადა, რომ მისთვის პასუხის გაცემა არ ღირს, სანამ ნარკომანიით შეპყრობილი გუბერნატორი რეაბილიტაციის კურსს არ გაივლის. ამავე დროს, მილიარდერმა სააკაშვილს საქართველოში ჩადენილი ის „ცოდვებიც“ გაუხსენა, რის გამოც ყოფილ პრეზიდენტს ივანიშვილი და მისი დანიშნული ხელისუფლება ედავება.
რაც შეეხება პრემიერმინისტრობასთან დაკავშირებით თავად სააკაშვილის დამოკიდებულებას ან კომენტარს, მან განაცხადა, რომ ამ ეტაპზე პრემიერის თანამდებობაზე თავის თავს ვერ ხედავს. მისი თქმით, პრემიერი უნდა გახდეს ადამიანი, რომელიც კარგად ერკვევა ფინანსებში, არის პატიოსანი და არაკორუმპირებული და მოწადინებულია, გაატაროს რეფორმები. სააკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ასეთთა რიგებში თავის თავსაც განიხილავს, მაგრამ მისი თქმით, პრემიერის თანამდებობაზე დღეს არანაკლებ ღირსეული კანდიდატები არსებობენ, ამიტომ თავად არ აპირებს, მთავრობას ჩაუდგეს სათავეში.
რამდენად სარწმუნოა სააკაშვილის ამგვარი დაპირებები და უარყოფა, ისიც მეტყველებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი გუბერნატორია: მანამდე სააკაშვილი კატეგორიულად უარყოფდა უკრაინაში რომელიმე საჯარო მოხელედ მისი დანიშვნის შესაძლებლობას.
სააკაშვილის გაპრემიერებაზე ქილიკის შანსი, ცხადია, არც რუსეთმა და რუსეთთან დაკავშირებულმა უკრაინელმა ექსჩინოვნიკებმა გაუშვეს ხელიდან. მაგალითად, იანუკოვიჩის დროის ერთერთმა მნიშვნელოვანმა ფიგურამ - აზაროვმა განაცხადა, რომ სააკაშვილი „პრემიერის შესანიშნავი კარიკატურა იქნებოდა“, ხოლო პუშკოვმა მოსკოვიდან ეს მოსაზრება დაადასტურა და დაამატა, რომ იმედი აქვს, „უკრაინელები ამ შეცდომას არ დაუშვებენ“. ამასთან, ორივემ აღნიშნა, რომ რახან სიტუაციას უკრაინაში ამერიკელები მართავენ, ისინი არ დაუშვებენ „იგივე შეცდომას, რაც სააკაშვილის აღზევებით ერთხელ დაუშვეს“.
მოკლედ, სააკაშვილი დაუპირისპირდა ყველას მინუს ერთი - ის პოროშენკოს, მის ყოფილ კურსელსა და მეგობარს არ ეხება. ოდესაში ამბობენ, რომ არც შეეხება, რადგან ეს უკვე იმ ტოტის მოჭრა იქნება, სადაც თავად სააკაშვილი ზის.
რას ამბობენ ოლიგარქები და პოლიტიკოსები სააკაშვილზე, ნაკლებად მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რომ ვერანაირი მაკომპრომეტირებელი ფრაზები თუ ეპითეტები ხელს ვერ უშლის ოდესასა და სრულიად უკრაინაში სააკაშვილისა და მისი გუნდის მზარდ პოპულარობას. ამაში დასარწმუნებლად კვლევების ცატარება სულაც არაა აუცილებელი და საკმარისია „ფეისბუქზე“ სააკაშვილის ოფიციალური გვერდის მონაცემების გადახედვა. პოპულარობით ეს გვერდი აჭარბებს აღმოსავლეთ ევროპის ყველა პოლიტიკური ლიდერის გვერდებს და სულ ოდნავ ჩამორჩება მსოფლიო დონის რამდენიმე პოლიტიკოსის პოპულარობას.
უკრაინაში, საქართველოსგან განსხვავებით, ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს ინტერნეტით, შესაბამისად, სააკაშვილის ნებისმიერი ფრაზა, რომელიც სიმკვეთრით გამოირჩევია, სწრაფადვე იქცევა ხოლმე ფრთიან ფრაზად და მისგან ე.წ. ქარდებსაც ამზადებენ, მერე კი სხვადასხვა გვერდებზე აზიარებენ. ასეთ მაგალითად გამოდგება სააკაშვილის ცნობილი ლაშქრობა ოლიგარქებისა და სახელმწიფო სტრუქტურების პლაჟების წინააღმდეგ, როცა გაქარდდა მისი ფრაზა: „მივდივარ და ვხედავ, პლაჟი დაკეტილია, კარებზე კი წარწერაა: „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პლაჟი“. რა უსაფრთხოების პლაჟი, ხალხნო? უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს ოდესაში ზღვაში საბანაოდ სცალია?!“.
სააკაშვილის გუნდის კიდევ ერთი პლიუსი - ოდესაში ამოქმედებული საპატრულო პოლიცია ძალას იკრებს და ხალხში სულ უფრო პოპულარული ხდება. სოციალურ ქსელში აფეთქება გამოიწვია ვიდეოებმა, სადაც ოდესის პოლიციელთა ქმედებები ასახული: როგორ აჩერებენ მანქანას, გადმოდიან და ეხმარებიან მოხუც ქალებს გზაზე გადასვლაში; როგორ აჩერებენ მანქანას, გადმოდიან და ძრავჩამქრალი მანქანის მიწოლით დაქოქვაში ეხმარებიან მამაკაცს; როგორ აჯარიმებენ გენპროკურატურის წარმომადგენელს ტროტუარზე პარკირებისთვის...
ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს საქართველოში პატრულის ამოქმედების გარიჟრაჟზე პოლიციელთა ქმედებებს, როცა კეთილად მომღიმარი პოლიციელები იშვიათი თავაზიანობითა და გულისხმიერებით გამოირჩეოდნენ რიგითი მოქალაქეების მიმართ. მთავარია, უკრაინაში ეს განწყობა შეინარჩუნონ და არ დაუშვან ის შეცდომები, რაც სრული კარტ-ბლანშის მიღების შემდეგ საქართველოში ქართველმა პოლიციელებმა და მათმა ხელმძღვანელებმა ზოგ შემთხვევაში დაუშვეს...
მალე ოდესაში ახალი იუსტიციის სახლიც გაიხსნება - უკვე ამ დღეებში მისი პრეზენტაციაა დაგეგმილი. მართალია, ეს ისუტიციის სახლები როგორც კიევში, ასევე ოდესაში ჯერ მხოლოდ „ჰაერზე“ იარსებებს, რადგან რადამ მათთვის „ვერ მოიცალა“, მაგრამ სააკაშვილმა მაინც თავისი გაიტანა, ისევე, როგორც საპატრულო პოლიციის შემთხვევაში: ფორმირება ბევრად ადრე დაიწყო, ვიდრე შესაბამისი ცვლილებები რადის მხრიდან დამტკიცდებოდა.
უკრაინაში სააკაშვილზე არანაკლებ პოპულარული ეკა ზღულაძე ბოლო ინტერვიუში ამბობდა, რომ ბედნიერია, რადგან მიზნის მიღწევა შესძლოა, თუმცა, რაც გაკეთდა, მხოლოდ საქმის წარმატებული დასაწყისია. მისი თქმით, კონკურსში მონაწილეთა მკაცრმა შერჩევამ გაამართლა და ახალ პოლიციელებს შორის აბსოლუტური უმრავლესობა პატიოსანი კადრია, თითქმის მთლიანად ახალგაზრდები.
ცოტა უფრო რთულად მიდის ოდესაში მილიციის რეფორმირების საქმე. ოდესის ოლქის პოლიციის უფროსი გია ლორთქიფანიძე ამ საქმეს აუჩქარებლად, ნაბიჯ-ნაბიჯ აკეთებს, მაგრამ დიდ სიძნელეებსაც აწყდება და ამაზე ერთერთ ინტერვიუში გულახდილად საუბრობს. მისი თქმით, ძნელია, როცა მილიციის თანამშრომლები წლების განმავლობაში ცხოვრობენ „ლევი“ შემოსავლით, მათ უცებ კანონისადმი პატივისცემა ჩაუნერგო და მორჩილება აიძულო.
„ამ ეტაპზე ჩემი მიზანია, რომ დაზარალებულმა მოქალაქეებმა არასამთავრობო ორგანიზაციაბში, მაიდნის რაზმეულებში და სხვაგან კი არ დარეკონ, არამედ მილიციას მიმართონ. მე ვიცი, ამას იმიტომ არ აკეთებენ, რომ მილიციის არ სჯერათ. არ სჯერათ, რომ იქ ფულს არ მოსთხოვენ. ეს წარმოდგენა უნდა მოისპოს, მაგრამ ეს ძალიან ძნელია, მით უმეტეს, როცა პოლიციელებს მათივე კოლეგები აშინებენ:
„მოდიან ჩემთან თანამშრომლები და მეუბნებიან: „ამხანაგო გენერალო, კარგია თქვენთან თანამშრომლობა, მაგრამ აი მე მეუბნებიან, რომ თქვენ წახვალთ, ხოლო წელიწადში ან წელიწადნახევარში ისინი მოვლენ...“, - ამბობს ლორთქიფანიძე.
მისი თქმით, ოდესა ჯერაც კრიმინალური ქალაქია, თუმცა, ქუჩებში სიარული შედარებით უსაფრთხო გახდა, რადგან არ არიან „კანონიერი ქურდები“: „კანონიერი ქურდები“ არ არიან, მაგრამ დარჩნენ ისინი, ვინც მათი მარჯვენა ხელია“, - იცინის ლორთქიფანიძე და ჟურნალისტს პირობას აძლევს, რომ ექვს თვეში აქ სიტუაცია კარდინალურად შეიცვლება.
გენერალი აცხადებს, რომ ინფორმაცია მოქალაქეებისგან იღებს და არა მისი თანამშრომლებისგან: „თქვენ წარმოიდგინეთ, 15.000-ზე მეტი პოლიციელის ზემდგომი ვარ და ჯერ არ მახსოვს შემთხვევა, ჩემთან პოლიციელი შემოსულიყო და ეთქვა, აქ აი ესა და ეს მოხდაო - ჩემი ინფორმაციის წყარო მოქალაქეები არიან.
ძალიან მეხმარება კომპიუტერი. რასაც თანამშრომლები მიმალავენ, „ფეისბუქი“ მეუბნება: ყველაფერს ყურადღებით ვკითხულობ და ყოფილა შემთხვევები, როცა თავად მე დამირეკავს დაზარალებულისთვის - ამ მხრივ ინტერნეტის სიკეთე აუწონავია“, - ამბობს საქართველოშს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე.
რაც შეეხება სააკაშვილს, როგორც ჩანს, ის არც აპირებს გაჩერებას. მისთვის ეს ეტაპი ნამდვილი ვა-ბანკია: ან მისი, რეფორმების გზა გაიმარჯვებს და მას ხელ-ფეხი გაეხსნება, დაამტკიცებს რა, რომ საქართველოში მხოლოდ ფულმა დაამარცხა, ან კიდევ, რეფორმებისგან არაფერი გამოვა, ოდესა ვერ იქცევა „რეფორმების შუქურად“ და სააკაშვილის, როგორც წარმატებული პოლიტიკოსის შუქურაც ერთხელ და ალბათ, უკვე საბოლოოდ, ჩაქრება. ამისთვის მოწადინებული დღეს ბევრია უკრაინაშიც, თუმცა, ჯერჯერობით, სააკაშვილი ახალი მტრების გაჩენას არათუ გაურბის, პირიქით, ამისკენ ერთგვარი სიჯიუტითაც კი ესწრაფვის...
გაზეთი "ქრონიკა+"