
საქართველოში აშშ-ის ელჩად ბარაკ ობამას მიერ დასახელებული იან კელი რუსეთის პრეზიდენტის პოლიტიკის მკაცრი კრიტიკითაა ცნობილი. საერთოდაც, კელი სპეციალისტია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში.
„აქცენტი“ აქვეყნებს იან კელის მიერ აშშ-ში 2014 წლის ნოემბერში, სტუდენტებისთვის წაკითხული ლექციის ფრაგმენტს, სადაც კელი აყალიბებს პოზიციას, რომ პუტინის მიზანია, ნატოსა და ევროკავშირის წევრობის მსურველი ქვეყნები დაანაწევროს.
"აქცენტი“ აღნიშნული ლექციის ნაწილს აქვეყნებს:
„თუ ჩვენ ვთანხმდებით, რომ პუტინის მიზანი ევროპისგან უკრაინის მოწყვეტაა, მას შეუძლია ამ მიზანს მიაღწიოს ისე, როგორც ის გააკეთა საქართველოსთან და მოლდოვასთან მიმართებაში, რამაც ამ ქვეყნების სუვერენიტეტს ძირი გამოუთხარა. არ ვფიქრობ, რომ მას სრულმასშტაბიანი ომი სურს - ეს მას ძალიან ძვირი დაუჯდება“,- თქვა კელიმ ლექციაზე.
შეგახსენებთ, საქართველოში აშშ-ის მოქმედ ელჩს რიჩარდ ნორლანდს რწმუნების ვადა მიმდინარე წლის ზაფხულში ეწურება.
იან კელი მინისტრ-მრჩევლის კლასის კარიერის დიპლომატია. 2013 წლიდან დღემდე ის ილინოისის უნივერსიტეტში (ჩიკაგო) სახელმწიფო დეპარტამენტის რეზიდენტ-დიპლომატად მსახურობს. ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე, 2010-2013 წლებში, იან კელი, ელჩის რანგში, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) აშშ-ის წარმომადგენელი იყო.
2009-2010 წლებში კელი სახელმწიფო დეპარტამენტის საზოგადოებრივ საქმეთა ბიუროს ოფიციალურ წარმომადგენლად მუშაობდა.
2007-2009 წლებში ის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროში რუსეთის საქმეთა ოფისს ხელმძღვანელობდა, ხოლო 2004-07 წლებში ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ნატო) საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების უფროსი იყო.
2000-2004 წლებში იან კელი იტალიაში, 1997-2000 წლებში კი თურქეთში აშშ-ის საელჩოს საინფორმაციო ოფიცრად მუშაობდა.
1994-1996 წლებში კელი ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების დახმარების კოორდინატორის ოფისში პროგრამის ოფიცერი იყო.
მანამდე მას ეკავა სხვადასხვა პოზიციები აშშ-ის მისიებში ავსტრიაში, სერბეთში, ყოფილ საბჭოთა კავშირსა და იტალიაში.
1985 წელს დიპლომატიურ სამსახურში შესვლამდე იან კელი ყოფილ საბჭოთა კავშირში რუსული ენის პროგრამის რეზიდენტი-დირექტორი იყო და ნიუ-იორკში ბერნარდისა და კოლუმბიის კოლეჯებში ასწავლიდა.
ბაკალავრის ხარისხი იან კელის წმინდა ოლაფის კოლეჯში, მაგისტრის ხარისხი ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტში, ხოლო დოქტორის ხარისხი კოლუმბიის უნივერსიტეტში აქვს მიღებული.