-
2014-12-26 12:48
რამდენიმე დღის წინ ინტერნეტმედიაში რეჟისორ გოგა ხაინდრავას ფოტო გავრცელდა, რომელიც მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტის მხარდამჭერებთან, რუს რეჟისორ სტანისლავ გოვორუხინთან და მსახიობ ვერა გლაგოლევასთან ერთადაა გადაღებული.
„ალიასთან“ ინტერვიუში ხაინდრავა ამბობს, რომ მისი ვიზიტი მოსკოვში კინოს უკავშირდება.
„ვიღებ დოკუმენტურ ფილმს საქართველოზე. მოსკოვის გარდა, ვიზიტს ვგეგმავ თურქეთში, აშშ-ში, ევროპაში და ბუნებრივია რუსეთში, რადგან რუსეთის გარეშე საქართველოს ბედი არ წყდება.
პუტინთან ნამდვილად არ მექნება ინტერვიუ, არ მგონია, ასეთი შესაძლებლობა მომეცეს.
თუმცა გომბეშოების გასაგონად ერთ რამეს გეტყვით, შესაძლებლობა თუ მომეცემა, პუტინთან ინტერვიუს აუცილებლად ჩავწერ.
ვფიქრობ, რომ გიჟებისა და მტრების მეტი არავინ ცდილობს ახლა რუსეთთან დაპირისპირებას, რადგან დღეს რუსეთთან დაპირისპირება არის მხოლოდ ჭკუიდან გადასული ადამიანის აზრი.
ურთულესი მდგომარეობაა ჩვენს გარშემო, მიდის პრაქტიკულად გამოცხადებული ომი საქართველოს წინააღმდეგ, სადაც მტრის მხარეზე მონაწილეობენ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები და მათ კვერს უკრავს უამრავი ვაიპოლიტიკოსი საქართველოში და რაც მთავარია, პრესა.
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მიზანმიმართულად იხერხება ის ტოტი, რომელზეც ზის საქართველო, გუშინწინდელ წუმპეში დარჩენილი ჟურნალისტები ყველანაირად ცდილობენ, საქართველო დააბრუნონ იმ ბნელ დროში, როდესაც ჩვენ მონები ვიყავით, მაშინ როცა ზოგს თავისი უკანალი რუსეთისკენ ჰქონდა გაწეული, ზოგს ამერიკისკენ, დღესაც კი პოლიტიკოსების უმრავლესობა ჩოქბჯენში დგას და ზოგის ჩოქბჯენის მისამართია რუსეთი და ზოგის ამერიკა. ფიქრობენ, რომ იქიდან შემოსული „ორგანოები“ შეძლებენ ვითარების მართვას...
ასე აღარ იქნება ამ ქვეყანაში! ჩვენ ეს გზა გავიარეთ, დავამთავრეთ, ომში ვერ ჩაგვითრევენ. ახლა მინდა ყველას გასაგონად ვთქვა, შეიძლება სწორ დროს არ იყო ნათქვამი, მაგრამ აბსოლუტურად სწორი განცხადება გააკეთა თავდაცვის სამინისტრომ, იმიტომ, რომ სააკაშვილი და ეს ბოროტმოქმედები მიზანმიმართულად ცდილობენ საქართველოს ცეცხლში ჩაგდებას.
მათი მიზანია ჩვენი ჩათრევა ომსა და უბედურებაში. მათ სხვა დანიშნულება და დავალება არასდროს არ ჰქონიათ არც რუსეთიდან და არც ამერიკიდან.
ეს იარაღასხმული ვაჟბატონები, ტელევიზორში რომ მოუწოდებენ ქართველ მებრძოლებს, ახალაიას უახლოესი გარემოცვაა, ესენი არიან „ზონდერები“, არც უკრაინისთვის მებრძოლები არიან და არც საქართველოსთვის, როგორ შეიძლება „ზონდერი“ მებრძოლი იყოს?! მინდა ვაიპოლიტიკოსებს შევძახო, - ავოიეეე, თქვენ ყველას შიგ ხომ არა გაქვთ?!.. რა გინდათ ამ საქართველოსგან, რას გადაეკიდეთ?“, - აცხადებს ხაინდრავა.