-
2014-04-30 16:51
„აფხაზეთის ხმამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა ვიდეომასალა, სადაც ასახულია, როგორ ახდენს ზეწოლას „ქართული ოცნების“ მარტვილის შტაბის უფროსის მოადგილე საოლქო საარჩევნო კომისიის უპარტიო წევრზე.
ლევან სურმავა, რომელიც იმავდროულად, მარტვილის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია, საოლქო-საარჩევნო კომისიის ოფისში, კომისიის წევრთან ნინო დანელიასთან ხმამაღალი საუბრის დროს დააფიქსირეს.
„აფხაზეთის ხმის“ ინფორმაციით, ვიდეოზე სურმავა ბოლო მომენტშია დაფიქსირებული, მანამდე კი ოთახიდან ხმამაღალი საუბრის ხმა გამოდიოდა. წყაროს ცნობით, ლევან სურმავა ნინო დანელიას დათანხმებას ცდილობდა, რათა მას კონკურსის წესით საუბნო კომისიის წევრების არჩევის დროს ხმა „ქართული ოცნების“ სასურველი კანდიდატებისთვის მიეცა.
ვიდეოში ჩანს, რომ სურმავას კანდიდატთა სია მაგიდაზე უდევს და როცა კომისიის სხვა წევრი ანიშნებს, რომ უღებენ, ოთახს ტოვებს.
ლევან სურმავას მხრიდან ანალოგიური ჩარევა და ზეწოლა პირველი შემთხვევა არ არის. როგორც სხვადასხვა მედიასაშუალებები წერდნენ, სურმავა საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც მსგავსი გამოხტომებით გამოირჩეოდა.
სალომე სიგუა, სპეციალურად „აფხაზეთის ხმისთვის“