
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე იმ ექსპერიმენტის შედეგებს ასაჯაროებს, რომელიც თანაპარტიელ ზურაბ ჯაფარიძესთან ერთად დაგეგმა და წინასწარ გადაიღო, რის შედეგედაც ირაკლი ღარიბაშვილის საცხოვრებელ კორპუსთან პოლიციის მობილიზება მოხდა.
პოლიციის მობილიზების ამსახველი ფოტომასალა გოგა ხაჩიძემ ფბ-ს საკუთარ გვერდზე გუშინ გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ხვალ გასცემდა პასუხს შეკითხვას, რატომ შეიკრიბნენ პოლიციის მაღალჩინოსნები პრემიერმინისტრის საცხოვრებელ კორპუსთან.
გოგა ხაჩიძის მიერ გამოქვეყნებული, 22 აპრილით დატარიღებული ვიდეოს მიხედვით, ის ზურაბ ჯაფარიძეს ტელეფონზე ურეკავს და ეუბნება, რომ 23 აპრილს, 15:00 საათზე, ირაკლი ღარიბაშვილის საცხოვრებელ კორპუსთან სჭირდება ასამდე აქტივისტი, რადგან იქ აქციაა დაგეგმილი.
წინასწარ, ზარამდე ჩაწერილ შესავალში გოგა ხაჩიძე ამბობს, რომ არანაირი აქცია არ დაგეგმილა და მასა და ზურაბ ჯაფარიძეს შორის საუბარი სწორედ იმის გამოვლენას ისახავს მიზნად, რომ სატელეფონო საუბრები ისმინება, რაც 23 აპრილს, ღარიბაშვილის საცხოვრებელ კორპუსთან პოლიციის მაღალჩინოსნებისა და საპატრულო ეკიპაჟების მობილიზებამ დაადასტურა: პოლიცია „აქციის ადგილზე“ 15:00 საათისთვის მივიდა.
გოგა ხაჩიძე, აქვეყნებს რა ვიდეოს, "ფეისბუქში" წერს:
"გუშინ კითხვა დავსვი - რას აკეთებდნენ ზუსტად 15:00-ზე, ირაკლი ღარიბაშვილის საცხოვრებელ კორპუსთან (მოსეშვილის ქ. 10) პოლიციის და სუს-ის წარმომადგენლები?! მათ შორის სამმართველოს და განყოფილებების უფროსები, მაღალჩინოსნები და რიგითი პოლიციელები, საპატრულო ეკიპაჟები.
პასუხი იხილეთ თანდართულ ვიდეოში.
კომენტარი ზედმეტია. ყველაფერი ცხადი და ნათელია.
ჩვენ, უბრალოდ შევეცადეთ მარტივი ექსპერიმენტით დაგვედასტურებინა, რომ ყველას გვისმენენ. შევეცადეთ და "წარმატებამაც" არ დააყოვნა.
პრინციპში, ყველაფერი სწორად გავთვალეთ, ერთი დეტალის გამოკლებით. როგორც წესი, მსგავს აქციებზე ჯერ ძალოვნები მოდიან, ხოლო შემდეგ ე.წ. "ტიტუშკები" მოჰყავთ. გასაგები მიზეზების გამო, საქმე "ტიტუშკებამდე" არ მივიდა.
მივმართავთ, შესაბამის უწყებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს, პარლამენტის თავმჯდომარეს!
რატომ ხდება საქართველოს პარლამენტის წევრების, სატელეფონო საუბრების უკანონო მოსმენა?!
გვაინტერესებს, რა განმარტებები გაკეთდება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ოფიციალური პირების მხრიდან?!".