-
2014-04-17 13:34
„თუკი, რუსეთი სერიოზულად განიხილავს უკრაინაში შესვლას, იგი უნდა დაფიქრდეს ხანგრძლივი პარტიზანული ომის ფასზე“, - წერს The Daily Beast.
გამოცემის ინფორმაციით, ობამას ადმინისტრაციაში სერიოზულად დაიწყეს ფიქრი, უკრაინისათვის საიდუმლო სამხედრო დახმარების გაწევის შესახებ, რადგან მიხვდნენ, რომ მიმდინარე კურსი არ მუშაობს და ეს კურსი ამერიკელებს წარმოაჩენს, როგორც „უუნაროებს“.
„თეთრი სახლი იხრება იმისკენ, რომ უკრაინას სამხედრო დახმარება გაუწიოს პარტიზანულ ომში: ნაღმტყორცნებით, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებით, იარაღითა და ხელყუმბარებით“-აღნიშნულია სტატიაში.
გამოცემა შეახსენებს მკითხველებს, რომ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორმა, ჯონ ბრენნანიმ განახორციელა „საიდუმლო“ ვიზიტი კიევში.
„ვიზიტი, პირველ რიგში, ჩაფიქრებული იყო, როგორც გზავნილი პუტინისათვის. იგი უნდა დაფიქრდეს იმაზე, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთი გადაეყრება პარტიზანულ ომს, სწორედ ისეთივე კოშმარულს, როგორიც იყო საბჭოთა კავშირის დროს ავღანეთში და რომელიც გაგრძელდა ათწლეულების მანძილზე“-ნათქვამია სტატიაში.
რუსეთის მთარობამ უყურადღებოდ არ დატოვა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორის ვიზიტი უკრაინაში. 15 აპრილს, დილით, რუსეთის პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვედევის „ფეისბუკის“ გვერდზე გაჩნდა ჩანაწერი იმის შესახებ, რომ „უკრაინამ მონაწილეობა უნდა მიიღოს თანამედროვე უკრაინული სახელმწიფოს ფორმირებაში, რომელიც ხალხის თანასწორობაზე იქნება დაფუძნებული, ტანკებისა და ჯავშანტრანსპორტიორების, აგრეთვე ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორის საიდუმლო ვიზიტების გარეშე.
გამოცემის აზრით, დღეს ჟენევაში გამართულ შეხვედრაზე, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ უნდა მოსინჯოს ნიადაგი, შესთავაზოს რა რუსეთს ფედერალიზაციის ვარიანტი. ეს, ერთგვარი ლუსტრაცია იქნება და არა რეალური შეთავაზება:
„დასავლეთი ვერ მიხვდება რას მალავს პუტინი, სანამ არ წამოწევს კონკრეტულ წინადადებებს და არ დაინახავს, როგორი იქნება მისი რეაქცია“, - აღნიშნავს გამოცემა.
იმავდროულად, გაზეთის წყაროები ხელისუფლების წრეებში ამბობენ, რომ არანაირი საიდუმლო სამხედრო ოპერაცია არ ჩატარდება, თუ პუტინი არ დააპირებს იმის მითვისებას, რაც მას არ ეკუთვნის. „ბოლოს და ბოლოს, მან იცის, რაზე უნდა იფიქროს“- ასკვნის The Daily Beast.
მოამზადა ნინო მაისურაძემ