ვლადიმერ პუტინი შერონ სტოუნს ეტრფის, როგორც გერმანული გამოცემა ,,ბილდი“ წერს რუსეთის პრეზიდენტი შერონ სტოუნს მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნის. “ბილდის” ცნობით, ვირტუალური ტრფობა უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება.
გამოცემა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ 56 წლის ჰოლივუდის ვარსკვლავს რუსეთის პირველი პირის ყურადღება მოსწონს, თუმცა მას “განსაკუთრებით სექსუალურ მამაკაცად”არ თვლის, ინფორმაცია ,,ბილდს“ ჰოლივუდის მსახიობის ახლო მეგობარმა ლოს ანჯელესიდან მიაწოდა.
ვლადიმერ პუტინი და შერონ სტოუნი პირველად 2010 წლის 10 დეკემბერს მოსკოვში, სკანდალურად ცნობილ საქველმოქმედო საღამოზე შეხვდნენ, საიდანაც შემოსული თანხა ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისთვის უნდა გადაერიცხათ. იმ საღამოს ვლადიმერ პუტინმა ჯერ როიალზეც დაუკრა, შემდეგ კი ამერიკული სიმღერა იმღერა.