ცენტრი "აფხაზეთი" დევნილებს ბიზნესის დაწყებაში, განვითარებასა და მართვაში ეხმარება

Image

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ დევნილ  მოსახლეობას  შესაძლებლობას აძლევს,  ბიზნეს-საქმიანობა წამოიწყოს, გააფართოვოს, საკუთარი  ეკონომიკური შესაძლებლობები გაზარდოს და თავად მართოს.  

აღნიშნული შესაძლებლობებით დღემდე 3 000-ზე მეტმა დევნილმა ოჯახმა ისარგებლა. მათ ცენტრის მიერ გაცემული უპროცენტო სესხების საშუალებით ეკონომიკური მდგომარეობა გაიუმჯობესეს.

 

დევნილი მოსახლეობის პარალელურად, ცენტრის ბენეფიციარები სოციალურად დაუცველები და ე.წ. საზღვრისპირა სოფლების მცხოვრებლებიც არიან. მათ "აფხაზეთი" სხვადასხვა შესაძლებლობას სთავაზობს.

 

აფხაზეთიდან დევნილი კარლო კიკორია ერთ-ერთი წარმატებული ადამიანია, რომელმაც ცენტრი "აფხაზეთის" დახმარებით სერიოზული ბიზნესსაქმიანობა წამოიწყო და დღეს საკუთარი ფირმა, ბრენდი და ბაზარი აქვს.

 

ქველმოქმედების ქველმოქმედება

 

"სოხუმში ვცხოვრობდი.   სოხუმი რომ დაეცა, ენგურიდან გადმოვედი. მე, ჩემი მეუღლე და 3 მცირეწლოვანი ბავშვი. ცარიელები წამოვედით, მხოლოდ იმ ტანსაცვმლით, რაც გვეცვა. ზუგდიდის  ჩაის ფაბრიკის კანტორაში ოთახი ვნახეთ და იქ გავჩერდით. არაფერი გაგვაჩნდა. დიდი ისტორიაა. აფხაზეთში ფეხსაცმლის სამკერვალო მქონდა, მენეჯერი ვიყავი.  თვის ბოლოს - 1000-1200 ფეხსაცმელი რომ შეგროვდებოდა, კუიბიშევში ვაბარებდი.  იმ დღესვესვე ფულს მაძლევდნენ და კარგი დატვირთული მოვდიოდი. 70-72 000 მანეთი მომქონდა. ეს მაშინ 2 ახალი მანქანის ფასი იყო" - იხსენებს კარგო კიკორია.

 

აფხაზეთიდან ზუგდიდში დევნილობის შემდეგ იძულებული გახდა ლუკმაპურისთვის ებრძოლა. პირველ დღეს, სამსახურის საძებნელად შემოიარა ზუგდიდი. ფეხსაცმლების სამკერვალო ერთ-ერთ ჯიხურში დამხმარედ აიყვანეს. პირველ დღესვე 1 კილო ბრინჯის ფული იშოვა. დღეს კი იმდენი გამოცდილება მიიღო, რომ დევნილ მოსახლეობას ასწავლის , უფასოდ ემსახურება და ასაქმებს კიდეც:

 

”დევნილებისგან გავიგე, რომ  ცენტრი "აფხაზეთი"  დევნილებს ეხმარებოდა.  ზუგდიდში  მათ ოფისში მივედი, მოვუყევი ვინ ვიყავი და  რას ვაკეთებდი. მითხრეს ტრენინგებზე იარეთ და გადაგამზადებთო. ტრენინგები გავიარე, ბევრი რამ ვისწავლე და მქონდა იდეა, ფეხსაცმლების კერვის  საკუთარი ჯიხური ჩამედგა სადმე.  ბიზნესგეგმა დამაწერინეს და ჩემმა პროექტმა გაიმარჯვა. 

 

ცენტრმა "აფხაზეთმა" 500 ლარიანი უპროცენტო სესხი  მომცა, ვიყიდე საკერავი მანქანა. მეორედ 1500 ლარიანი სესხი მომცეს,  მერე 5 000 ლარიანი და დღეს ფეხზე დავდექი. ყველაფერი ჩემი მაქვს - სახლი, სამკერვალო,  დანადგარები და ხალხსაც ვასაქმებ. იმდენი დაზგა დამიგროვდა, 50 კაცს დავასაქმებ" - ამბობს კარლო კიკორია, რომელსაც სამეგრელოში ყველა იცნობს, ათასობით კლიენტი ჰყავს და შეკვეთებს სხვადასხვა ქვეყნიდან ინტერნეტითაც ღებულობს.  

qvel3.jpg

 

ცენტრი "აფხაზეთის" ქველმოქმედებით საკუთარი საქმე წამოიწყო აფხაზეთიდან დევნილმა ელგა პერტიამაც. მას ცენტრმა საკერავი მანქანები შეუძინა, ზუგდიდში ოფისიც უსასყიდლოდ დაუთმო და დღეს ბიზნესსაქმიანობის გაფართოვებაზე ფიქრობს.

 

ელგა პერტია: "სოხუმში "მოდის სახლში"-ში ვმუშაობდი. დევნილობის შემდეგ კი ყველაფრის გარეშე დავრჩი. შემთხვევით გავიგე, რომ არსებობდა საქველმოქმედო ორგანიზაცია, გავიგე მისამართი და მივაკითხე. ოფისში მკითხეს, სამკერვალო სასწავლებლის დამთავრების რამე საბუთი თუ მქონდა.

 

აფხაზეთში სამკერვალო კურსების დამთავრების დიპლომი ნამდვილად მქონდა, მოვიტანე ეს დიპლომი და დავწერე განცხადება.  იმედი არ მქონდა, რომ ასე, განცხადების წერით რამე გამოვიდოდა. დაახლოებით 2 კვირაში დამირეკეს და მითხრეს რომ ჩემი დახმარება შეუძლიათ.

 

ემოციებს ვერ გამოვხატავ, რაც მაშინ დამემართა. მიყიდეს საკერავი მანქანა, გამომიყვეს ფართი და დღეს გამართულად ვმუშაობ. მყავს კლიენტები და ოჯახს ვინახავ. დევნილებს ნახევარ ფასად ვემსახურები, სოციალურად დაუცველებს კი უფასოდ ". 

qvel1.jpg

ცენტრი "აფხაზეთის" ქველმოქმედებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ათასობით ოჯახი სარგებლობს. ზოგმა მეფუტკრეობა დაიწყო, ზოგმა ინკუბატორი გახსნა, ზოგმა - რბილი ავეჯის წარმოება ისწავლა, ზოგმა კი რკინის მხატვრული დამუშავება. ჩამონათვალი სხვადასხვაა.

 

2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად სოფელ ქემერტიდან დევნილი 61 წლის ლევან ოთინაშვილი დროებით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებში დასახლდა. მას მეუღლე, ორი შვილი და სამი მცირეწლოვანი შვილიშვილი ჰყავს.

2013 წელს ლევან ოთინაშვილმა ცენტრი ”აფხაზეთის” პროექტის ”საქართველოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ეკონომიკური გაძლიერება” ფარგლებში 972 ლარის ოდენობის უპროცენტო სესხი მიიღო, რომლის დახმარებით მეფუტკრეობას მიჰყო ხელი.

 

მიღებული თანხით მან ორი ოჯახი ფუტკარი და თაფლის გამოსაწური ციბრუტი შეიძინა. ბენეფიციარმა საქმიანობა წარმატებით განავითარა, ამჟამად მას ხუთი ოჯახი ფუტკარი ჰყავს და საშუალოდ წელიწადში 50 კილოგრამ თაფლს იღებს. ლევანი პროდუქციის დისტრიბუციას ქალაქ გორში აწარმოებს, თუმცა მის პროდუქციაზე მოთხოვნა ადგილობრივ დასახლებაშიც გაიზარდა. 

ბაზარზე არსებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად წარმატებული მეფუტკრე აპირებს საქმიანობის გაფართოებას. ლევანს გადაწყვეტილი აქვს დამატებით ფუტკრის სამი ოჯახის შეძენა და თაფლის პარალელურად სხვა პროდუქტების მიღება - ფიჭა, ფუტკრის რძე, დინდგელი.

 

ბენეფიციარებს შორის  არიან როგორც აფხაზეთიდან, ისე 2008 წლის ომის შედეგად დევნილი ოჯახები. ბელა არაბული 2008 წლის ომის დროს დევნილია. ის დღეს წეროვანის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს.

 

ჰყავს მეუღლე და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილი. "აფხაზეთის" დახმარებით მან საკუთარ კოტეჯში თეთრეულის კერვა დაიწყო, მზა პროდუქტის რეალიზებას კი მისი მეუღლე ახდენს. როგორც რესპონდენტი აცხადებს, აქვს საკუთარი საქმე და სხვის დახმარებაზე არ არის დამოკიდებული.           

 

ზუგდიდში, წარმატებულ მეწარმედ ითვლება გიორგი ზარანდიაც, რომელმაც ცენტრის დახმარებით რკინის მხატვრული დამუშავება ისწავლა. პირველი 900 ლარიანი უპროცენტო სესხიც მიიღო და დღეს საკუთარი საქმე აქვს.

 

ქუთაისში, ავეჯის წარმოებას ეწევა აფხაზეთიდან დევნილი ალეკო ეხვაია. 3 000 ლარიანი სესხით მან საამქროსთვის დაზგა და სხვადასხვა ხელსაწყო შეიძინა, 12 შეგირდიც აიყვანა და დღეს წარმატებულ მეწარმედ ითვლება.    

 

ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ეკა გვალიას თქმით,  ცენტრის ხელშეწყობა  ძირითადად ორიენტირებულია ვაჭრობის, მომსახურების, წარმოებისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით, რადგანაც  მოსახლეობის ინტერესები სწორედ აღნიშნული მიმართულებებით გამოიკვეთა:

 

”ცენტრი „აფხაზეთი“ უპროცენტო სესხებს ძირითადად კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე გასცემს. ასევე,  ვასწავლით,  როგორ უნდა დაიწყონ მცირე ბიზნესი, როგორ განვითარდნენ, ჰქონდეთ საკუთარი შემოსავალი და სხვაზე არ იყვნენ დამოკიდებული.     პროექტის ბენეფიციარები არიან როგორც ბიზნესის დამწყები ადამიანები, ასევე ისინიც, ვისაც სურს ბიზნესი გააფართოვოს“.

 

რაც შეეხება პროცედურას, რა ეტაპებია გასავლელი ბიზნესის დასაწყებად, გვალიას თქმით: „პირველი ეტაპია სასესხო განაცხადების მიღება. შემდეგ, შერჩეული კანდიდატებისათვის ბიზნესის მართვის ტრენინგების ჩატარება, ბიზნეს გეგმების შემუშავებაში მხარდაჭერა და ბენეფიციართა უპროცენტო სესხით დაფინანსება; უპროცენტო სესხის გაცემის შემდეგ კი სისტემატური მონიტორინგი და კონსულტაციები.“    

 

დევნილთა ამხანაგობები სამუშაო არაღებით აღიჭურვება

 

ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც ცენტრი ახორციელებს,  არის დევნილთა ჩასახლებებში ამხანაგობების და მოვლა-პატრონობის ჯგუფების შექმნაა. აღნიშნული ითვალისიწნებს დასახლებებში ჯგუფების შექმნას, რომელთაც სხვადასხვა ხელობა შეუძლიათ, მათი სამუშაო იარაღებით აღჭურვა, რომ საჭიროების შემთხვევაში ჩასახლებას თავად მოუარონ და სხვისი დახმარება არ იყოს საჭირო, ასევე, შეუძლიათ ეს საქმე აქციონ ბიზნესად და აღნიშნული სამუშაო იარაღები და გამოცდილება გამოიყენონ, როგორც შემოსავლის მომტანი საქმე.

 

პროექტის ფარგლებში იმერეთის, სამეგრელოს, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში დევნილთა 41  ჩასახლებაში შექმნილმა ამხანაგობებმა   საჩუქრად სამშენებლო ინსტრუმენტები მიიღეს. ინსტრუმენტების შეძენა მოხდა იმ პროფესიების მიხედვით, რა პროფესიასაც კონკრეტულ ჩასახლებაში მცხოვრები დევნილები ფლობენ.

 

კერძოდ, დევნილებს 41 ჩასახლებაში ცენტრმა „აფხაზეთი“   ელექტრიკოსის, მშენებელის, ინტერიერის დიზაინერის, დურგლის, სანტექნიკოსისა და სხვა ხელობისთვის საჭირო იარაღები შეუძინა.

 

აღნიშნული კი დევნილებს შესაძლებლობას აძლევს, ჩასახლებაში კონკრეტულ პრობლემებსა თუ დაზიანებებს თავად მიხედონ. ასევე, მათ შეუძლიათ, შეკვეთით იმუშაონ და სამუშაო იარაღების გამოყენებით საკუთარი შემოსავალიც ჰქონდეთ.  შემოსავლის გარკვეულ ნაწილი კი   ამხანაგობის საერთო ფონდში გროვდება.    

 

„დევნილებისთვის მხოლოდ საბინაო საკითხების მოგვარება პრობელემს არ წყვეტს. მათ კონკრეტულ ჩასახლებებში სჭირდებათ დასაქმება და შემოსავალი. შესაბამისად, ერთ-ერთი პროექტი, რომელსაც საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ ახორციელებს, დევნილებს შესაძლებლობას აძლევს დასაქმდნენ, ჩასახლებებს მოუარონ და დამატებითი შემოსავალიც ჰქონდეთ.

 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში სამუშაო იარაღები 41 ჩასახლებას ჩავუტანეთ. პროექტი  წლის ბოლომდე გაგრძელდება“ - აცხადებს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“-ს ხელმძღვანელი ეკა გვალია.

 

როგორც დევნილები აცხადებენ, აღნიშნული დახმარება მათვის დიდი შეღავათია, რადგან სამუშაო იარაღები საკმაოდ ძვირადღირებულია, რომელსაც დევნილები ვერასდროს შეიძენდნენ.

 

”ჩვენს ჩასახლებაში სხვადასხვა ხელობის ადამიანები ცხოვრობენ -  სანტექნიკოსები, დურგლები, ელექტიკოსები, შემდუღებლები. ყველა აღჭურვილია შესაბამისი სამუშაო იარაღებით. შეკვეთებს ღებულობენ და საჭმლის ფულსაც შოულობენ. ზამთრის სეზონზე, შედარებით კარგი შეკვეთები შემდუღებელს ჰქონდა. შეშის ღუმელებს ამზადებდა, რომელიც  200  ლარად იყიდებოდა" - აცხადებს  კასპის რაიონის, სოფელი თელიანის დევნილთა ჩასახლების ამხანაგობის თავჯდომარე ლევან კვირიკაშვილი.

 

გრანტები კონფლიქტის ზოლის განაპირა სოფლებს

 

კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ, კონფლიქტის ზოლისპირა და შიდა ქართლის სხვა სკოლების მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, ცენტრი "აფხაზეთის" გრანტები მიიღონ.  ცენტრმა  შავშვების, ახალდაბას, ზერტის, მეჯვრისხევის, შინდისის,  ტყვიავის,  ტირძნისისა   და  ხიდისთავის 8 საჯარო სკოლასთან საგრანტო ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.

 

მოსწავლეებმა ცენტრისგან ქიმიისა და ფიზიკის დეფიციტური ლაბორატორიული აღჭურვილობა,  მცირე გრანტები და სხვადასხვა სახის  საჩუქრები  (პოტოაპარატები, წიგნები) უკვე მიიღეს.

 

როგორც სკოლის მოსწავლეები აცხადებენ, მათ მსგავსი შესაძლებლობა არასდროს ჰქონიათ. "ტექნიკური საგნების პოპულარიზებისთვის ჩვენს რეგიონში ბევრი ღონისძიება ჩატარდა. გვასწავლეს პროექტების წერა და როგორ უნდა მოვიპოვოთ გრანტები.

 

სკოლებში ბავშვებმა შევქმენით  კლუბები, სადაც  გაწევრიანებულია 600 მოსწავლეზე მეტი. არის ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის და სხვა კლუბები, რომ ტექნიკური საგნების წახალისება მოხდეს. ახლახან კი საჩუქრად მივიღეთ  კომპიუტერები, პროექტორიბი, ფოტოაპატარები, ასევე, ქიმიისა და ფიზიკის ლაბორატორიული აღჭურვილობა" - ამბობს ქემერტიდან დევნილი, ხიდისთავის სკოლის მოსწავლე ნონა ჟუჟნიაშვილი. 

 

სკოლების დირექტორების თქმით სკოლებისთვის ლაბორატორიული აღჭურვილობა დიდი ფუფუნებაა. მიღებული დახმარება კი მოსწავლეების სწავლის დონის ამაღლებას სერიოზულად შეუწყობს ხელა.

 

"ლაბორატორიული აღჭურვილობა ძალიან ძვირადღირებული საჩუქარია სკოლებისთვის. ეს ის აღჭურვილობაა, რომელიც წლების განმავლობაში არ გვქონია სკოლებს. სამწუხაროდ, სკოლებში სწავლის დონე ძალიან დაბალია, შეუძლებელია  ქიმიისა და ფიზიკის შესწავლა ისე, რომ  ცდები ვერ ჩაატარებინო მოსწავლეებს. 

 

ტექნიკურ საგნებს მხოლოდ თეორიიით ვერ ისწავლი. ეს ლაბორატორიები, რაც საჩუქრად მივიღეთ, ქალაქის სკოლებისთვისაც კი ფუფუნებაა. ეს ყველაზე დიდი საჩუქარია სკოლებისთვის" - აღნიშნა ახალდაბის საჯარო სკოლის დირექტორმა მზია ლომიძემ.

 

ეკა გულუა

 

qvel.jpg

 

qvel2.jpg

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?