
პოლიციელი, რომელმაც 2012 წლის ნოემბერში შსს გენინსპექციის მაშინდელ უფროსს თენგიზ გუნავას იარაღი და ნარკოტიკი ჩაუდო, რამდენიმე დღის წინ სპეცოპერაციის დროს ამოღებული 116 კგ ჰეროინიდან დაახლოებით 11 კგ-მდე ნარკოტიკული ნივთიერების მოპარვის გამო დააკავეს.
როგორც „ზონანიუსი“ სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, დაკავებულია ბექა ქებაძე და კიდევ ერთი პირი, რომლის ვინაობა არ სახელდება. წყაროს ცნობით, ქებაძემ 11 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, რომლის ფასი შავ ბაზარზე დაახლოებით 3 მლნ. აშშ დოლარია, შსს-ს მიერ ჩატარებული უპერეცენდენტო სპეცოპერაციის დროს მოიპარა, უკვე დაკავებული და ამოღებული ტვირთიდან, რომელიც, საერთო ჯამში, 116 კგ-ს შეადგენდა.
შეგახსენებთ, რომ 2013 წლის ივლისში საერთაშორისო ნარკოტრეფიკის ფაქტი გამოვლინდა, რა დროსაც შსს – მ, სატვირთო ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ძარაზე დამონტაჟებულ სამალავებში 116 კილოგრამ “ჰეროინს” მიაგნო. სპეცღონისძიება მაშინ ახალციხის რაიონში ჩატარდა და ადგილზე დაკავებული იქნა თურქეთისა და მოლდოვის ორი მოქალაქე. სავარაუდოდ, ნარკოტიკი ირანის მიმართულებით გადიოდა და საქართველო გამოყენებული იყო, როგორც სატრანზიტო დერეფანი.
ბექა ქებაძე კიდევ ერთ სკანდალურ პოლიციელთან, დავით ბედიასთან დაახლოებული პირია. წინა ხელისუფლების დროს ქებაძე შს კახეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო, ხოლო 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დაწინაურდა. უშუალოდ ანტინარკოტიკული ოპერაციის მსვლელობის დროს ქებაძე კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო და სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდა, ხოლო დეპარტამენტის უფროსი თავად დავით ბედია გახლდათ.
ბექა ქებაძის გვარი ინტერნეტგამოცემებში 2013 წლის ზაფხულშიც ფიგურირებდა. მაშინ დაიწერა, რომ „შს მინისტრის ბრძანებით, მოხსნეს შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის უფროსი, დავით ბედია, მისი პირველი მოადგილე, გია კობაჩეიშვილი და მოადგილე, ბექა ქებაძე. ”საქმე კორუფციულ გარიგებებსა და კრიმინალურ ავტორიტეტებთან კავშირს ეხება”. – იტყობინებოდა ინტერნეტ მედია.
როგორც ცნობილი გახდა, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტიდან გათავისუფლების შემდეგ ბექა ქებაძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გადაიყვანეს, სადაც დაკავებამდე მუშაობდა.
„ზონანიუსი“ ბექა ქებაძის ფოტოსაც აქვეყნებს. შეგახსენებთ, რომ სპეცოპერაციის დროს ამოღებული ჰეროინის ნაწილის დაკარგვისა და ამ საქმეში პოლიციელთა შესაძლო ჩართულობის შესახებ განცხადება შსს-ს ამ დრომდე არ გაუკეთებია. შსს-ს პრესსამსახურის კომენტარს ამ თემასთან დაკავშირებით „აფხაზეთის ხმა“ მიღებისთანავე გამოაქვეყნებს.