
ვალერი გელაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ მასზე თავდასხმის საქმე რამდენიმე დღეში გაიხსნება და ბრალს ერეკლე კოდუას წუყენებენ, ერეკლე კოდუას მეუღლე, ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი „ფეისბუქზე“ პასუხობს.
ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, რომ გელაშვილის განცხადება „მე მითხრეს“ დონეზე მსჯელობას ეფუძნებოდა, რაც აბსურდულია და თვითონ შეუძლია, უამრავი მაგალითი დაასახელოს, რა უთხრეს ვალერი გელაშვილზე. რამდენიმე ასეთი თემა ნანუკა ჟორჟოლიანმა, გელაშვილისთვის დასმული კითხვების სახით, საკუთარ გვერდზე დაწერა, მანამდე კი ვალერი გელაშვილისადმი მიმართვა გამოაქვეყნა:
„მიმართვა ვალერი გელაშვილს!
ბატონო ვალერ, პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ გულწრფელად ვწუხვარ თქვენი ცემის ფაქტის გამო. შემიძლია შვილები დავიფიცო, რომ ადამიანურად ვწუხვარ!
მაგრამ არსებობს რამდენიმე მაგრამ... ამბობთ, რომ ვიღაცამ, ვიღაცას უთხრა რომ თქვენ ცემას ელიავაზე მყოფი ერეკლე კოდუა უყურებდა, ავალებდა ვიღაცეებს და ამიტომ უნდა დაიჭირონ.
ბატონო ვალერი, ეს იგივეა, მე ვთქვა რომ თქვენზე მითხრეს რომ წლები თანამშრომლობდით რუსული უშიშროების სამსახურთან, რაც ლიტვაში ცნობილია... რის გამოც იქ ვიზიტით მყოფ პრემიერ-მინისტრს თქვენი სახელი და გვარი სიიდან ამოაღებინეს,
მითხრეს რომ ბავშვებს გადაუწვით ბაღი საკუთარი ბიზნესისთვის, მითხრეს რომ დაჭერილი იყავით ბელორუსიაში ოქროს კბილებისა და ჩეკების გაყიდვისთვის. მჯდარხართ კიდეც რამდენიმე დღე. და კიდევ ერთ ამბავს მეუბნებიან თქვენი დედის მომვლელთან დაკავშირებით.....
დავიჯერო? ველოდები პასუხს!!!!“.
მას შემდეგ, რაც ამ მიმართვაზე პასუხი არ მიუღია, ნანუკა ჟორჟოლიანმა დაწერა:
„ბატონო ვალერ კიდევ მითხრეს, რომ იარაღით დაუნდობლად ცემეთ გიორგი ქართველიშვილი, იქნებ მიპასუხოთ, ეს მართალია?“;
„ბატონო ვალერ, აგერ რამდენიმე წუთის წინ საერთოდ უცნობმა ადამიანმა მითხრა, პროსტიტუციის მფარველიაო და ვიდეოც ჩამიგდო! ნახეთ ვიდეო და მიპასუხეთ! მართალია?“.
შეგახსენებთ, რომ გადაცემაში „რეაქცია“ დღეს ვალერი გელაშვილმა განაცხადა, რომ მასზე ტავდასხმის საქმე, პრაქტიკულად, გახსნილია და უახლოეს დღეებში ამის გამო ბრალი წარედგინება ერეკლე კოდუას, ხოლო ვანო მერაბიშვილს ბრალი დაუმძიმდება.