
ხელისუფლება ერეკლე კოდუას ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ ჩვენებას სთხოვდა, რაზეც მან უარი განაცხადა – ამ ინფორმაციას ჟურნალისტი ელისო კილაძე გაზეთ “ქრონიკა +”-ში ავრცელებს.
გაზეთის რედაქტორის ინფორმაციით, სწორედ ამის გამო დაიწყო ყოფილი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა. საქმე ბოლო პერიოდში გავრცელებულ კადრებს ეხება, სადაც მუხროვანის ამბოხის დროს მიმდინარე მოვლენებია გადაღებული და სადაც ვანო მერაბიშვილი “ორ გვამს” ითხოვს:
” მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლება შეიცვალა , ერეკლე კოდუას ძალოვან უწყებაში დარჩენა და ახლებთან თანამშრომლობა შესთავაზეს . სხვათა შორის ამ მიზნით მას რამდენიმე პირი პრაღაშიც ესტუმრა.
“მუხროვანის ვიდეოს” გავრცელების შემდეგ კი ერეკლე კოდუას ძალოვანი უწყების ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ევროპაში ახალი ლეგენდით და შეთავაზებით ჩააკითხა, –
“მუხროვანის ამბოხის დროს იქ იყავი, კადრებში შენი გვარი მკაფიოდ ისმის, გამოდი და ვანოს ხელი დაადე, რომ “ორი გვამიდან” ერთ-ერთი, გია კრიალაშვილი, უშუალოდ მისი ბრძანების ნაყოფიაო. როგორც ჩან ამ შეხვედრას, პირველისგან განსხვავებით , ორივე მხარე იწერდა – კოდუას პირველ წინადადებაში უთქვამს, – ეს მაგარი ყ…ობააო, ვანოს ხელს არ დავადებ, ლეგენდა იმდენად იდიოტურადაა ჩამოყალიბებული, რომ ამით ჩემი პატარა ბიჭი, საბაც კი არ მოტყუვდებაო.
ძალოვანი უწყების დესპანი საქართველოში ხელცარიელი დაბრუნდა და სწორედ ამ უარის შემდეგ დაიწყო ერეკლე კოდუას წინააღმდეგ მასალების შეგროვა.”
ჟურნალისტი ასევე წერს, რომ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შსს-ს დაკავებული ჰყავს ირაკლი კოდუას უწყების ერთ-ერთი დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელსაც კოდუას წინაარმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ საპროცესო გარიგებას სთავაზობენ.
ასევე დაკავებულია კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელსაც ასევე შესთავაზეს კოდუას წინააღმდეგ ჩვენების მიცემა და მოსაფიქრებლად ერთი კვირა აქვს. გამოცემის ინფორმაციით, სწორედ აქედან გამომდინარე ვარაუდით, ერეკლე კოდუას ბრალი კიდევ დაუმძიმდება.