-
2014-03-22 22:52
,,მე ჩავაკითხავ ივანიშვილს, როცა საჭირო იქნება, მაგრამ ჩავაკითხავ სხვა მისიით“,-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა პროკურატურაში მისი დაბარების შესახებ ,,იმედთან“ გაკეთებულ კომენტარში.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის აპირებს გააგრძელოს ბრძოლა რეგიონისა და საქარტველოს გათავისუფლებისთვის, მისი შეჩერების გზა კი მხოლოდ პუტინის მხრიდან მისი ლიკვიდაცია იქნება.
"პრაქტიკულად მე დავიწყე კამპანია უკრაინის მხარდასაჭერად. ძალიან დიდი პრობლემა შექმნეს, მაგრამ თუ ახლა პუტინი თვლის, რომ მე წყნარად წავალ და ჩავბარდები და ჩემი გადაადგილება აღარ მოხერხდება, ეს არის ძალიან დიდი სისულელე. მე ვაპირებ გავაგრძელო ბრძოლა საქართველოს და მთელი რეგიონის გათავისუფლებისთვის, როგორც თავისუფალმა ადამიანმა.
ვერავინ ვერ შეზღუდავს ჩემს გადაადგილებას. რაც შეეხება თქვენს კითხვას, საქართველოში ჩამოვალ თუ არა, მე საქართველოში ჩამოვალ არა პუტინის ოცნების ასახდენად, არამედ მე საქართველოში ჩამოვალ პუტინის დავალებების შემსრულებლებისგან საქართველოს განსათავისუფლებლად.
ეს დრო დადგება ბევრად უფრო მალე, ვიდრე ივანიშვილს წარმოუდგენია. რუს ოლიგარქს, რომელსაც მისცეს ორი მილიარდი ამ დავალების შესასრულებლად, თავის დროზე 2012 წელს. საერთოდ ეჭვს არ იწვევს, რომ ეს არის მისი გაკეთებული, უფრო მეტიც. თავის დროზე ევროპელები მეუბნებოდნენ, რომ ის გადადგა თანამდებობიდან მხოლოდ იმის გამო, რომ ჩრდილოვანად გააკეთოს ეს საქმე, ვითომ თითონ არაფერ შუაშია.
მინდა ვთქვა, რომ ამას არავინ არ ჭამს. ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოს მთავრობას მართავენ სრული არარაობები, რომლებიც საერთოდ არც ერთ გადაწყვეტილებას არ იღებენ.
ყველამ კარგად იცის, რომ საბოლოო ჯამში, ივანიშვილიც არ იღებს გადაწყვეტილებას. ამ გადაწყვეტილებას იღებს ის, ვინც მას მისცა ეს ორი მილიარდი. ეს არის დროებითი სიძნელეები საქართველოსთვის. მე გავაგრძელებ ბრძოლას. მე ვერაფერი ვერ შემაჩერებს, გარდა ფიზიკური ლიკვიდაციისა პუტინის მხრიდან.
მე გავაგრძელებ ჩემს ბრძოლას - ბრძოლას იმისთვის, რომ ეს ყველაფერი, რასაც მრავალი წელი მოვანდომეთ, ვერავინ შეაბრუნოს უკან. მე ვაპირებ ბრძოლის გაგრძელებას, როგორც თავისუფალი ადამიანი. არ ვაპირებ ივანიშვილი-პუტინის თამაშების თამაშს. მე ჩავაკითხავ ივანიშვილს, როცა საჭირო იქნება, ოღონდ ჩავაკითხავ სხვა მისიით", - განაცხადა სააკაშვილმა.