-
2014-03-15 23:46
16 მარტს თბილისში, ვაკეში, რუსეთის ყოფილ საელჩოსთან ორგანიზაცია "ევრაზიული არჩევანი – საქართველო" ყირიმში რუსეთის პოლიტიკის მხარდამჭერ აქციას "ყირიმი – რუსეთია" გეგმავს, ხოლო სოციალური ქსელით ამ აქციის კონტრაქცია ერთი საათით ადრე დაანონსდა.
სავარაუდოდ, ორივე აქციაზე შეკრებილები ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდებიან, თუმცა, "აფხაზეთის ხმის" ინფორმაციით, შსს–მ უკვე გასცა ინსტრუქცია, რომ აქციისა და კონსტრაქციის დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, აქციის მონაწილეთა რაოდენობის მიუხედავად, რუსეთის ყოფილ საელჩოსთან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იქნება მობილიზებული.
აქციის "ყირიმი – რუსეთია" ორგანიზატორია ირაკლი ყიფიანი, ხოლო კონტრაქციის მონაწილეებს "ფეისბუქზე" უკვე შეუერთდნენ ჟურნალისტები და პოლიტიკოსებიც.
კომენტარებში წერენ, რომ დაპირისპირება გამორიცხული არ არის და იხსენებენ ირაკლი ყიფიანის ორგანიზატორობით გამართულ სხვა აქციებს, სადაც დაპირისპირება მოხდა და რუსეთის პოლიტიკის მოწინააღმდეგეები საპატრულო პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით, დროებით დააკავა.
აქცია "ყირიმი – რუსეთია" 15 საათზე, ხოლო კონტრაქცია 14:00 საათზეა დაგეგმილი.
"ევრაზიული არჩევანი – საქართველოს" აქციის პლაკატი და "ფეისბუქზე დაანონსებული კონტრაქციის "ქავერის" ფოტო.

