
გადაცემაში „პოზიცია“, მას შემდეგ, რაც თემურ ალასანიას განცხადებაზე ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ თქვა, რომ გამოსაძიებელია, რას აკეთებდა გორში ავტომატით ხელში თემურ ალასანია, გოკა გაბაშვილმა მას წარმატება უსურვა: „ესღა დაგრჩათ გამოსაძიებელი“.
„წარმატებებს გისურვებთ, ქალბატონო მანანა, იმის გამოძიებაში, რას აკეთებდა კერძო პირი, ქართველი, 2008 წელს გორში ავტომატით ხელში, მაშინ როცა იქ „არაფერი ხდებოდა საერთოდ“ - ესღა დაგრჩათ გამოსაძიებელი. საერთოდ, გამოიძიეთ, რას აკეთებდნენ იქ ქართველები, რომლებიც ოკუპანტებს ებრძოდნენ...
რაც შეეხება თქვენს განცხადებას, რატომ უნდა უპასუხოთ თქვენ „ვინმე თემურ ალასანიას“, ეს აქ ჩვენ კი არ უნდა გვკითხოთ, არამედ პრემიერმინისტრს, რომელიც აბსოლუტურად დაუსაბუთებლად დაესხა თავს კერძო პირს და წაუყენა მას აბსურდული ბრალდებები.
ამის გარდა, სანამ პრეზიდენტის ბიძის რუსულ კავშირებზე ისაუბრებთ, თქვენ შეგიძლიათ ჰკითხოთ გიორგი ვოლსკის, რას აკეთებდა 1990 წელს კომუნისტურ პარტიაში, სადაც ის ინსტრუქტორი იყო... თქვენ ვერც კი ახსენეთ რუსეთი პარლამენტის რეზოლუციაში უკრაინის შესახებ და ვერ ჩაწერეთ იქ სანქციების მოთხოვნა, მაშინ როცა აშშ იმ წუთებში განიხილავდა სანქციების საკითხს.
თქვენი მთავრობის წევრი კახა კალაძე გამოდიოდა და ამბობდა, რომ კონფლიქტი არ სცდება გრუშევსკის ქუჩას, ხოლო თავდაცვის მინისტრი ამბობდა, რომ არ ფიქრობს, რუსეთი უკრაინის მიმართ აგრესიაზე წავიდეს.
ამავე დროს, თქვენ ხართ ის მტავრობა, რომელმაც შარშან ბოდიში მოუხადა გენადი ონიშენკოს იმის გამო, რომ საქართველოს პრეზიდენტს ის თურმე გამოულანძღია. ეს ხალხი არ ხართ? შემისწორეთ, თუ ვცდები...
კარგია, რომ ბოლოს და ბოლოს, გონს მოეგეთ და მხარი დაუჭირეთ პროგრესულ პოზიციას, მაგრამ მინდა გირჩიოთ, რომ ანალოგიურ სიტუაციებში, საწყის ეტაპზევე დაგვიჯეროთ“, - განაცხადა გოკა გაბაშვილმა.