
რადიო „აფხაზეთის ხმის“ ყოველკვირეული გადაცემის, „ეკონომნიუსის“ სტუმარი ქართული ქათამი „ნოსტეს“ მწარმოებელი კომპანიის, GPP-ის მარკეტინგის მენეჯერი, გვანცა ჩაგელიშვილი იყო.
გადაცემაში გვანცა ჩაგელიშვილმა კომპანიის შესახებ, ასევე, მიმდინარე და სამომავლო სიახლეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომხმარებლებს უკვე „ნოსტეს“ ნახევარფაბრიკატების შეძენაც შეუძლიათ.
„ჯერჯერობით ეს სიახლე ყველა ფილიალზე არ ვრცელდება, მომხმარებლებს ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით შეუძლიათ გაიგონ, სად შეიძენენ ჩვენი ბრენდის ქვეშ წარმოებულ ნახევარფაბრიკატებს“.
გვანცა ჩაგელიშვილმა გადაცემაში ისაუბრა კიდევ ერთ სიახლეზე, რომელიც, მისი თქმით, ძალიან მალე განხორციელდება.
„მინდა, თქვენი ეთერის საშუალებით კიდევ ერთ სიახლეზე ვისაუბრო, რომელიც ძალიან მალე განხორციელდება. ეს არის რძის პროდუქტების დამატება ჩვენს წარმოებაში. პარალელურად, ვცდილობთ, გავაფართოოთ მაღაზიების რაოდენობაც“.
„ეკონომნიუსის“ რესპონდენტმა HACCP-ის საერთაშორისოდ აღიარებულ სისტემაზე ისაუბრა, რომელიც კომპანიაში უსაფრთხო პროდუქტის საწარმოებლად შეიქმნა.
„ჩვენი პროდუქცია მუდმივად მოწმდება ლაბორატორიულად. ხშირად გვსტუმრობს სურსათის ეროვნული სააგენტოც, რაც გვიბიძგებს იქითკენ, რომ არ დავაგდოთ ტემპი და ვიყოთ მუდმივად მობილიზებული. სურსათის უვნებლობის უზრუნველსაყოფად კომპანიაში, ასევე, დანერგილია მსოფლიო მასშტაბით უნივერსალური მეთოდი HACCP-ის სისტემა. მისი სტანდარტების დანერგვა და სურსათის კონტროლის მექანიზმების სრულად ჩართვა კი მომხმარებლებს გარანტირებულად მაღალი ხარისხის, უსაფრთხო პროდუქტს სთავაზობს, შესაბამისად, ჩვენი მომხმარებელი აბსოლუტურად დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ჩვენი პროდუქცია თავისუფალია გენმოდიფიცირებული დანამატებისაგან, ზედმეტი ანტიბიოტიკებისგან“.
„ნოსტეს“ წარმომადგენელმა კომპანიაში მიმდინარე აქციებსა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.
„ქათამზე გვაქვს ძალიან კარგი აქცია. ჩვენს მომხმარებლებს 4 ივლისის ჩათვლით შეუძლიათ ისარგებლონ ფასდაკლებით ჩვენს პროდუქციაზე. „ნოსტე“ პროდუქციის შეძენა შესაძლებელია როგორც ჩვენს 42 ქსელურ მაღაზიაში, ასევე სუპერმარკეტებში. ჩვენი მაღაზიები თბილისის თითქმის ყველა უბანშია წარმოდგენილი, რუსთავში კი მხოლოდ ერთი მაღაზია ფუნქციონირებს. ბრენდი „ნოსტე“ დაახლოებით ერთი წელია, რაც ბაზარზე გამოჩნდა და უკვე 42 მაღაზიას აერთიანებს. რაც შეეხება კომპანიის საქმიანობას, ჩვენ ყველაფერი ჩვენი გვაქვს და ჩვენი წარმოება არ საჭიროებს იმპორტი.
სამომავლოდ, მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ჩვენი პროდუქციისა და ლოკაციების გაფართოებას აუცილებლად ვაპირებთ, ვინაიდან დიდი მოთხოვნაა უკვე რეგიონებშიც, - აღნიშნა, გვანცა ჩაგელიშვილმა.