
კუდ–ის ყოფილ უფროსსა და კიდევ ერთ ყოფილ თანამდებობის პირს – გიორგი მაზმიშვილს, რომლებიც გუშინ დააკავეს, დათა ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ, მათი უარის შემდეგ კი დააკავეს – ამის შესახებ ადვოკატები აცხადებენ.
ადვოკატებმა დაკავებულები გუშინ, გვიან ღამით მოინახულეს. როგორც ისინი აცხადებენ, ქარდავა და მაზმიშვილი კი არ დააკავეს, ფაქტობრივად, ქალაქიდან გაიტაცეს და რამდენიმე საათის განმავლობაში დათა ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემას სთხოვდნენ.
"მათ, რა თქმა უნდა, ეს არ გააკეთეს და სწორედ ამიტომ ისჯებიან", – აცხადებენ ადვოკატები.
გუშინ, ლევან ქარდავას სახლის ჩხრეკის დროს სამართალდამცველებმა ლევან ქარდავას ნათესავი ლევან კვარაცხელიაც დააკავეს. ოფიციალური ინფორმაციით, მას პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედება ბრალად. თვითმხილველთა განცხადებით კი, ლევან კვარაცხელია ჩხრეკის პროცესზე დასწრებას ითხოვდა, რისი უფლებაც მას ჰქონდა, რადგან ჩხრეკას ადვოკატი არ ესწრებოდა, ხოლო ოჯახის მხრიდან მოწვეულთა შორის ლევან კვარაცხელიაც ფიგურირებდა.
დაკავებული ლევან კვარაცხელია გუშინ პოლიციის მანქანით წაიყვანეს, თუმცა, ოჯახის წევრებმა მას თბილისის სამმართველოსა და განყოფილებებში ვერ მიაკვლიეს, რის შემდეგაც შეატყობინეს, რომ ის საგარეჯოს პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. მიზეზად კი ის დასახელდა, რომ თბილისის წინასწარი დაკავების იზოლატორებში ადგილი არ იყო.
დაკავებულ ლევან ქარდავასა და გიორგი მაზმიშვილს ბრალს დღეს წაუყენებენ. შეგახსენებთ, რომ ლევან ქარდავა ერთხელ, 2013 წლის ბოლოს უკვე იყო დაკავებული, რის შემდეგაც გირაოთი გაათავისუფლეს.