
მასალის გამოქვეყნების მომენტისთვის საბურთალოზე მდებარე „თავისუფლებისა და მხარდაჭერის“ ცენტრის ოფისთან საპატრულო პოლიციაა მობილიზებული, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციის ერთერთი წევრი ცოტა ხნის წინ სასწრაფო დახმარების მანქანამ გადაიყვანა.
"თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" წევრს ოფისთან მოდარაჯე მანქანამ ფეხზე მას შემდეგ გადაუარა, რაც რამდენიმე „ზონელთან“ ერთად ჩაბურულმინებიან მანქანასთან მივიდა და შიგ მსხდომთა ვინაობით დაინტერესდა.
როგორც „აფხაზეთის ხმას“ ანი ნადარეიშვილმა უთხრა, ოფისთან ზემოთხსენებული ავტომანქანა თითქმის მთელი დღის განმავლობაში იდგა და მას შემდეგ, რაც ორგანიზაქციის წევრებს საეჭვოდ მოეჩვენათ, რომ იქედან არავინ გადმოდიოდა და მანქანა ადგილიდან არ იძროდა, მანქანასთან მივიდნენ.
ანი ნადარეიშვილის თქმით, თავდაპირველად, მანქანაში მყოფებმა აგრესია გამოავლინეს, მაგრამ შემდეგ, მოულოდნელად, გაქცევის გადაწყვეტილება მიიღეს, რა დროსაც მანქანა უკუსვლით დაძრეს, უკან მდგარი ავტომობილი დააზიანეს და "თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" წევრს ფეხზე გადაუარეს.
„აფხაზეთის ხმა“ საპარლამენტო უმცირესობის წევრს, აკაკი მინაშვილსაც ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ ეს არის კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტი იმისა, თუ რა უკანონო მეთოდებს იყენებს პროკურატურა და დღევანდელი ხელისუფლება:
„ჩვენ გვახსოვს იზორიას და ბესელიას განცხადებები, როცა ისინი კითხულობდნენ, თუ სად არის ფაქტები. ამ საღამოს მომხდარი არის კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტი, როგორ ხდება თვალთვალი არასამთავრობო ორგანიზაციის.
ჩვენ ვნახეთ „ჯეოსელში“ შეჭრა, თითქოსდა ფინანსური შემოწმების მიზნით, სინამდვილეში კი მიზანი იყო აპარატურის დამონტაჟება, რათა უწყვეტად ჰქონოდათ ინფორმაცია და ეს „თელია სონერას“ წარმომადგენელმა განაცხადა, ჩვენ ვნახეთ ბაჩო ახალაიას საკანში მისი და ადვოკატის საუბრის უკანონო ჩაწერა და მიყურადება მანმდე, როცა უხეშად დაირღვა ადვოკატისა და პატიმრის კონფიდენციალური ურთიერთობის პრინციპი,
ვნახეთ, როგორ გაიტაცეს გორგაძე, როცა მას ბრიფინგი უნდა ჩაეტარებინა, ვნახეთ, როგორ აშანტაჟებდნენ სასამართლოს წარმომადგენელს პირადი ცხოვრების დეტალების გამოქვეყნებით, ვნახეთ, როგორ გამოაქვეყნა პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა ხვედელიძემ და ეს ადამიანი ამისთვის არ დასჯილა,
ვნახეთ, რომ დღეს, უბრალოდ, 7 საათის განმავლობაში დაკარგული იყო სამი ადამიანიდან ერთერთი, რომელიც არც მოწმედ ჰყავდათ დაბარებული, არც ბრალდებული იყო და არც პროკურატურაში ჰყოლიათ - ჰყავდათ გამოკეტილი მანქანაში მთელი ეს დრო, კანდელაკის ქუჩაზე და ბოლოს უთხრეს, ახლა, როცა გაგიშვებთ, არ თქვა, რომ მანქანაში გვყავდით და სასჯელაღსრულების სისტემაში დაგასაქმებთო...
აი, ეს არის იმის დამადასტურებელი ფაქტების მთელი წყება, თუ რა გზით და რა მეთოდებით მოქმედებენ დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები“, - განაცხადა აკაკი მინაშვილმა „აფხაზეთის ხმასთან“ საუბარში.