
ისრაელმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გაავრცელა:
"რამდენიმე წუთის წინ ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრმა დაურეკა პრემიერს. მოგეხსენებათ, იგი გახლდათ მისი ყოფილი კოლეგა და სწორედ პრემიერის მიერ 2013 წლის ნოემბერში, როდესაც ის ჯერ კიდევ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის თანახმად, ისრაელის სახელმწიფო აუქმებს ვიზებს 90 დღემდე, საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც იქ მიემგზავრებიან ჩვეულებრივი პასპორტით. ამ შეთანხმების ძალაში შესვლას გარკვეული პროცედურები სჭირდებოდა, და მას ჰქონდა 90-დღიანი ვადა პარლამენტში რატიფიკაციის შემდეგ გასავლელი, რის შემდეგაც ის შევიდოდა ძალაში, მაგრამ ისრაელის სახელმწიფომ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაც არის ძალიან სასიხარულო, არ დაელოდა ამ პროცედურებს, შეთანხმება ძალაში შეიყვანა ახლა. მიუხედავად ამისა, საგარეო საქმეთა სამინისტროს არ შეუძლია ჯერჯერობით თქვენ გითხრათ უფრო მეტი დეტალი ამის თაობაზე, რადგან ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო არის გაფიცული და, შესაბამისად, ვერ გვაწვდის დამატებით ინფორმაციას", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.