-
2014-03-13 16:29
მას შემდეგ, რაც 11 მარტს „ნაციონალური მოძრაობის“ გორის ორგანიზაციამ „ფეისბუქზე“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „გამყოფი ხაზის“ მიმდებარე სოფლებში მყოფთა გამოსაზამთრებლად უცხოური ფონდების მიერ გამოყოფილი 200 ლარი პარტიული ნიშნით გაიცა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ შეცდომა აღიარა.
მერეთის გამგებლის განცხადებით, შეცდომა, სავარაუდოდ, პირადად მას გაეპარა და მზადაა, ამისთვის პირადად აგოს პასუხი. „ნაციონალური მოძრაობის“ გორის ორგანიზაციის მტკიცებით კი, თანხა „ოცნების“ აქტივისტებზე უფრო მეტი გაიცა, ვიდრე გათვალისწინებული იყო.
ტელეკომპანია „დიამ“ ამ თემაზე სიუჟეტი მოამზადა და სწორედ „დიასთან“ საუბარში არ გამორიცხა მერეთის გამგებელმა თავისი ბრალეულობა.
მანამდე კი „ნაციონალური მოძრაობის“ „ფეისბუქის“ გვერდზე ეწერა:
,,ქართული ოცნება“ უცხოელი დონორების თანხებს იტაცებს. 2013 წლის ბოლოს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ინიციატივით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ოჯახებისთვის გამოიყო გამოსაზამთრებლად ოჯახზე 200 ლარიანი დახმარება.
აღნიშნული პროგრამა მოიცავდა თითოეულ ოჯახზე 200 ლარით დახმარებას, მაგრამ ქართული ოცნების ჩინოვნიკებმა და პარტიულმა აქტივისტებმა ბენეფიციართა სიის გაზრდის ხარჯზე მოახდინეს აღნიშნუილ თანხების მიტაცება. ასე მაგალითად - იმ დროს, როდესაც თითოეულ ოჯახს უნდა მიეღო 200 ლარი, გორის რაინის სოფელ მერეთში მცხოვრებმა ,,ქართული ოცნების“ აქტივისტმა, გოდერძი მახარაშვილის (გოდერძი მახარაშვილი ბენეფიციართა ნომრია 2372) ოჯახმა ერთი 200 ლარიანი დახმარების ნაცვლად ოთხი 200 ლარი მიიღო.
ბენეფიციართა სიაში დაფიქსირებულია და შესაბამისად დახმარება აქვთ აღებული მის შვილებს, მარიკა მახარაშვილს ( ბენეფიციართა ნომრით 2104), ელგუჯა მახარაშვილს (ბენეფიციართა ნომრით 2374) და მამას- ედემი მახარაშვილს (ბენეფიციართა ნომრით 2373), ასევე სოფელ კოშკაში მცხოვრებ მის სიდედრს-მედიკო ტატიურს (ბენეფიციართა ნომრით 2649) და სიმამრს-ელგუჯა ტატიურს (ბენეფიციართა ნომრით 2647), რომლებიც, რა თქმა უნდა, ერთ ოჯახს წარმოადგენენ“, - წერია განცხადებაში.