
უკრაინის პრემირმინისტრმა არსენ იაცენუკმა აშშ-ს პრეზიდენტთან ბარაკ ობამასთან შეხვედრისას ვლადიმერ პუტინს მიმართა და ომისა და აგრესიის კედლის დანგრევისკენ მოუწოდა:
„საქმე ეხება უკრაინის თავისუფლებას, ჩვენ თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის ვიბრძვით, ამიტომ არასდროს დავნებდებით. ჩემი ქვეყანა რამდენიმე გამოწვევის წინაშე დადგა, სამხედრო გამოწვევა კი ყველაზე მთავარია. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, დააბრუნოს სამხედროები ბაზებზე და დაიწყოს იარაღის გარეშე მოლაპარაკებები, სამხედროების და ტანკების მაგივრად დიპლომატიური და პოლიტიკური მექანიზმების გამოყენებით. ჩემი გზავნილი პრეზიდენტ პუტინთან იქნება ასეთი: ბატონო პრეზიდენტო, დაანგრიეთ ომისა და აგრესიის კედელი.
ჩვენი პარტნიორები უნდა მიხვდნენ, რომ მზად ვართ ახალი ურთიერთობების დასამყარებლად, სადაც უკრაინა ევროკავშირის ნაწილი იქნება, რუსეთისთვის კი მეგობარი და პარტნიორი, ასე რომ ბევრი რამ არის დამოკდებული რუსეთზე, როგორც განვაცხადე, ჩვენ არასდროს დავნებდებით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა და დამოუკიდებლობა“, - განაცხადა იაცენუკმა.