
აშშ–სა და მსოფლიოს ქვეყნებს მოუწევთ ძვირად დაუსვან რუსეთს, თუ ის არ შეცვლის თავის კურსს უკრაინაში, – ამის შესახებ ბარაკ ობამა უკრაინის პრემიერმინისტრს არსენ იაცენუკს თეთრ სახლში გამართული შეხვედრის დროს უთხრა.
ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ აშშ დაეხმარება უკრაინელ ხალხს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებაში, ხოლო რუსეთის მოქმედებას ყირიმში „შეჭრა“ უწოდა და განაცხადა, რომ ამით რუსეთმა დაარღვია საერთაშორისო ნორმები და ის ხელშეკრულებები, რაზეც ხელი აქვს მოწერილი:
„ჩვენ ყველამ კარგად ვიცით რუსეთისა და უკრაინის ისტორიული კავშირების შესახებ, და ვფიქრობ, პრემიერმინისტრი ამას პირველი დაადასტურებს. მე მივესალმები მის გზავნილს, რომ მას სურს შექმნილი კრიზისის გადაწყვეტა დიპლომატიური გზით, მაგრამ ამავე დროს, არ შემიძლია არ დავეთანხმო მას, როცა ამბობს, რომ სხვა არ უნდა წყვეტდეს უკრაინელი ხალხის ნაცვლად, როგორ წარმართონ საქმე თავიანთ ქვეყანაში.
უკრაინაში მიმდინარეობს კონსტიტუციასთან მორგებული ცვლილებები, დანიშნულია არჩევნები და შესაძლოა, მომავალში ყირიმის სტატუსი შეიცვალოს კიდეც, მაგრამ ეს ავტომატის ლულებქვეშ არ უნდა ხდებოდეს“, – აღნიშნა ბარაკ ობამამ.
თავის მხრივ, არსენ იაცენუკმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ უკრაინა არ აპირებს დათმოს ტერიტორიული მთლიანობა, თუმცა, ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ეს პრობლემა დიპლომატიური გზებით უნდა მოგვარდეს. „ჩვენ არ ვაპირებთ ყირიმის იზოლირებას“, – განაცხადა არსენ იაცენუკმა.
არსენ იაცენუკის ვიზიტი აშშ–ში 12 და 13 მარტს მოიცავს. ბარაკ ობამასთან შეხვედრამდე ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერის შეხვდა, 13 მარტს კი გათვალისწინებულია მისი გამოსვლა გაეროში, სადაც უკრაინაში არსებულ მდგომარეობაზე იმსჯელებენ.