
48 მილიონის მომპარავი ადამიანები პოლიტიკაში არ უნდა იყვნენ, ეს ქმნის პრობლემას, - ასე პასუხობს ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებთან სანქციების თაობაზე გიგი უგულავას მიერ გაკეთებულ განცხადებას.
მდინარაძის თქმით, სანქციებზე საუბარი არასერიოზულია და ეს ოპოზიციაშიც იციან.
„გიგი უგულავა რომ გამოდის, ადამიანი, რომელიც მსჯავრდებულია 48 მილიონის მოპარვაზე, საუბრობს სანქციებზე და მსგავს საკითხებზე, ეს ქართული პოლიტიკის პრობლემაა, რადგან ევროპელი პარტნიორები შეთანხმებულები არიან, რომ ადამიანი ელემენტარულ დანაშაულს რომ ჩაიდენს, ის პოლიტიკაში აღარ რჩება, ხმას არ მისცემს არავინ, პრინციპში, უგულავას და მისი პარტიის შემთხვევაში, თითქმის ასეც მოხდა, მაგრამ მაინც.
უგულავამ პოლიციელების მუქარას და მიხეილ სააკაშვილის ნარატივის გაგრძელებას თავი დაანებოს. არც მისი ბოძზე გამოსაკრავი პოლიციელი ჰყავს ამ ქვეყანას და არც მისი გასაკრიტიკებელი ადამიანი. ადამიანის, რომელიც მსჯავრდებულია 48 მილიონის მოპარვაზე. მთავარი პრობლემა ის არის, ასეთი ადამიანები თავს უფლებას რომ აძლევენ, პოლიტიკაში იყვნენ“, - განაცხადა მდინარაძემ.