
"საქართველო ისევ აპროტესტებს და ბარიკადებს აშენებს - ამჯერად, მიხეილ სააკაშვილის მომხრე ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას აპროტესტებენ. რამდენიმე დღის წინ, ის ციხეში მოხვედრისგან პრემიერ გიორგი გახარიას გადადგომამ იხსნა. როგორ აპირებს რესპუბლიკა პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლას?" - ამის გარკვევას ცდილობს გამოცემა РИА Новости სტატიაში, სახელწოდებით - "რატომ ჩავარდა საქართველოში მორიგი გადატრიალება".
ჟურნალისტი გალია იბრაგიმოვა წერს, რომ საქართველოში პოლიტიკური ძალები "ისევ მოსკოვის ხელზე" საუბრობენ:
"ქართული ოცნება" პრორუსულ პოლიტიკას ატარებს, რათა ადრე თუ გვიან საქართველო რუსეთს შეუერთოს, ამიტომ მე მზად ვარ ფიზიკური წინააღმდეგობა გავუწიო სპეცრაზმს, რომელსაც ჩემს დასაკავებლად გამოგზავნიან" - აცხადებდა მელია დაკავებამდე და მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს, უკანონოს უწოდებდა" - წერს გამოცემა და აღნიშნავს, რომ მელიას პარლამენტზე შტურმში ადანაშაულებდნენ საქართველოში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ვიზიტის დღეს.
"სააკაშვილის მხარდამჭერი ოპოზიციური ძალის ლიდერი, ნიკანორ მელია დააკავეს. რა იქნება შემდეგ?" - ასე ეხმაურება გამოცემა Интерфакс ნიკა მელიას დაკავების ფაქტს. გამოცემის ცნობით, გირაოს გადახდის ვადა მელიას ამოეწურა. გირაოს თანხა კი, 40 000 ლარი იყო, რომელიც ოპოზიციის ლიდერმა არ გადაიხადა...