-
2021-02-24 15:21
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, დიალოგთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადება ფარისევლობა, დროსა და სივრცეში აცდენილი გზავნილია.
„ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადება, ჩვეულებრივი ფარისევლობაა! მე ცხოვრებაში ბევრი რამე მინახავს, მაგრამ მსგავსი დროსა და სივრცეში აცდენილი გზავნილი, ვერ წარმომედგინა. მხოლოდ და მხოლოდ, ასეთ უტიფარ და უთავმოყვარეო ადამიანს შეეძლო გუშინდელის მერე, რაც მან ჩაიდინა, მსგავსი განცხადება გაეკეთებინა. თუ ივანიშვილს სურს სიტუაციის განმუხტვა, რამდენიმე რამ უნდა გააკეთოს, ყველაზე მთავარი - პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი უნდა დაიწყოს. ივანიშვილი მხოლოდ და მხოლოდ სიძულვილის ენას იყენებს. ისაა ადამიანი, რომელიც თიშავს და არასდროს არ აერთიანებს. ისაა ადამიანი, რომელსაც შეუძლია ერთმანეთის ღვიძლი ძმები და მეგობრები ერთმანეთს გადაკიდოს“, - განაცხადა უგულავამ.
„დღეს ჩვენ მივიღეთ, პოლიტიკურად „ჩმორი“ ბიძინა ივანიშვილის პირადი გვარდია, ყველა ხელისუფლების დროს ეს პრობლემა იყო, მაგრამ ასეთი რამ არავის არ გაუკეთებია. ამიტომაა გამოსავალი, არა მარტო, ხელისუფლების ცვლილება, არამედ თითოეული იმ ადამიანის პირადი პასუხისმგებლობაა, ვინც ველურობასა და ვანდალიზმს ხელს აწერს", - განაცხადა უგულავამ.
გავრცელებული ინფორმაციით პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიტიკური პარტიების მისამართით განცხადება გუშინ გააკეთა.
„დღეს, როდესაც აღსრულდა კანონი და სახელმწიფო დადგა თავის სიმაღლეზე, მინდა, მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალას, ვისთვისაც ძვირფასია ქვეყანა, გავხსნათ ნამდვილი დიალოგი, ვისაუბროთ არა იმაზე, თუ რა გვყოფს, არამედ იმაზე, თუ რამ უნდა გაგვაერთიანოს“, - აცხადებს ღარიბაშვილი.