
„სუროგატ დედას არ შეუძლია და არც უფლება აქვს, უყვარდეს მუცლად მყოფი შვილი, რადგან იგი უნდა გაასხვისოს“, - აცხადებს საგამომცემლო სახლ „ქართულ ელიტასთან“ ინტერვიუში ბოლნისის ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელმსახური მამა ილია ჭიღლაძე.
მისივე თქმით, სუროგატი დედა სხეულს აქირავებს, რაც, პრაქტიკულად, მრუშობაა სექსუალური კავშირის გარეშე:
„სუროგაცია, როგორც არაბუნებრივი მეთოდი, მიუღებელია ქრისტიანული მოძღვრებისათვის. სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვი, ორი დედის მქონეა. სუროგატი დედა სხეულს აქირავებს, რაც, პრაქტიკულად, არის მრუშობა სექსუალური კავშირის გარეშე.
სუროგატ დედას არ შეუძლია და არც აქვს უფლება უყვარდეს მუცლად მყოფი შვილი, რადგან იგი უნდა გაასხვისოს. სწრედ ამიტომ, სუროგაციით გაჩენილი ბავშვი უსიყვარულობით ნაშობია, მაშინ როდესაც მუცლად მყოფი ბავშვი მთელი სისავსით გრძნობს დედის ყოველ იმპულსს“, - ამბობს მამა ილია.
მისივე განცხადებით, სხეულის გაქირავება ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით ამორალურია და მისი დაკანონება სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის სოციალური დაუცველობის ნიშანია:
„სწორედ ამიტომ, მრავალ განვითარებულ ქვეყანაში სუროგაცია ფინანსური მოგების მიზნით, მკაცრად აკრძალულია. შეიძლება ვთქვათ, რომ სუროგატი დედობა არის ფინანსურად გაჭირვებული ადამიანის დიდი პირადი ტრაგედია და ტრამვა.
ეკლესია ლოცულობს, რომ ყოველ ოჯახს ჰყავდეს შვილები, მიესალმება სამედიცინო დახმარებას, მაგრამ ასეთი სახის არაბუნებრივი ჩარევა ბაბილონის გოდლის მაშენებელთა სულისკვეთებას ჰგავს: გაეტოლონ ღმერთს! ეს კი, რა თქმა უნდა, მკრეხელობაა“, - ასკვნის მამა ილია ჭიღლაძე.