
ისრაელი კორონავირუსის საწინააღმდეგო პოტენციური ვაქცინის ადამიანებზე გამოცდას მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან იწყებს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ისრაელის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ვაქცინა - BriLife -ისრაელის ბიოლოგიურმა კვლევითმა ინსტიტუტმა (IIBR) შექმნა და მისი ცხოველებზე გამოცდა მარტში განხორციელდა.
ამ ეტაპზე კვლევაში მონაწილეობას 18-დან 55 წლამდე ასაკის 80 მოხალისე მიიღებს და 3 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. კვლევის ფარგლებში მეცნიერები შეეცდებიან დაადგინონ, წარმოიქმნება თუ არა ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები ვაქცინაციის შემდეგ. კვლევის მეორე ფაზა კი, სავარაუდოდ, დეკემბერში დაიწყება და მასში 18 წლის ზემოთ ასაკის 960 პირი ჩაერთვება.
თუკი აღნიშნული ეტაპები წარმატებული აღმოჩნდება, მომავალი წლის აპრილში ან მაისში კვლევის მესამე, ფართომასშტაბიანი ფაზა დაიწყება, რომელშიც 30 000 მოხალისე მიიღებს მონაწილეობას. წარმატების შემთხვევაში კი ვაქცინა, შესაძლოა, მასობრივი გამოყენებისთვის დაამტკიცონ.
შეგახსენებთ, ჯერჯერობით კორონავირუსის საერთაშორისო დონეზე დამტკიცებული ვაქცინა არ არსებობს.