
წელიწადის ამ დროს, როცა ყურძნის დაკრეფა სანახაობადაა ქცეული და ქვევრები ახალდაწურული ღვინით ივსება ძმები ხუციშვილების ღვინის მარანშიც დიდი საშემოდგომო სამზადისია. მასპინძლები რთველში ელის ყველას, ვისაც ქართული ღვინო და სამზარეულო უყვარს.
26 სექტემბერს, სოფელ კისისხევში, უიშვიათეს, სამოცწლოვან ვენახში შესაძლებლობა მოგეცემათ თქვენივე ხელით დაკრიფოთ და დაწუროთ ყურძენი, საღამოს კი ქართული ჰანგებითა და ტრადიციული, კახური სამზარეულოთი ისიამოვნოთ. ხუციშვილების მარანში მისულ სტუმრებს ღვინის მარანთან მდებარე სასტუმროს ნომრებში შეგეძლებათ ღამის გატარება. თუმცა ეს ყველაფერი არ არის, წინ გელოდებათ ჩურჩხელის ამოვლებისა და ხაჭაპურის გამოცხობის მასტერკლასი.
სტუმრები, რომლებიც რთველში მიიღებენ მონაწილეობას შემდეგ გაზაფხულზე თავიანთ დაწურულ ღვინოს ბოთლზე სასუველი ეტიკეტით საჩუქრად მიიღებენ.
გეტყვით იმასაც, რომ ისტორიული ცნობების მიხედვით, მეფე ერეკლე მეორეს სწორედ კისისხევის მიკროზონაში მდებარე 50 წლის ვენახში მოყვანილი რამდენიმე ყურძნისგან ღვინოს უმზადებდნენ.
თუმცა მანამ, სანამ სანახაობრივი რთველი გაიმართება ძმები ხუციშვილების ღვინის მარანზე უფრო დაწვრილებით გიამბობთ:
ექვსი სახეობის ღვინო, უძველესი ვაზის ჯიშები და ქართული გემო, რომელიც ძმები ხუციშვილების ღვინის მარანში 5 წელია იწურება, ქვეყნის საზღვრებს გასცდა.
როგორც რადიო „აფხაზეთის ხმასთან“ საუბარში გელა ხუციშვილმა აღნიშნა,მათი ღვინო ამერიკასა და ევროპის 17 ქვეყანაში იყიდება:“მათი შეძენა ევროპის ჩვიდმეტივე ქვეყანაში სახლიდან გაუსვლელადაც, ონლაინ არის შესაძლებელი.“
საქართველოში, სადაც ღვინის დაგემოვნება და შეფასება საუკეთესოდ გამოგვდის, რთულია სახელის დამკვიდრება. ძმები ხუციშვილები, რომლებიც ტრადიციებმა და სოფლის გამოღვიძების სურვილმა მშობლიურ ადგილას, მამა-პაპისეულ სახლში დააბრუნა, საქმის წამოწყება გადაწყვიტეს.
ასე გაჩნდა ღვინის წარმოების იდეაც, რომელიც მალევე განხორციელდა და მიზანი-კიდევ ერთი ქართული ღვინო სადღეგრძელოს წარმოთქმის დროს გემოს რეცეპტორებთან ჰარმონიაში მოსულიყო, დიდი შრომის შედეგად შესრუდა.
მარანი თელავის რაიონში სოფელ კისისხევში მდებარეობს. ამავე სოფელში დაბადებულ ძმებს მშობლიურ მხარესთან კავშირი არ გაუწყვეტიათ, თბილისში გატარებული წლების შემდეგ მიხვდნენ, რომ წინაპრების ვენახებისა და სამუზეუმო ექსპონატად ქვეული ქვევრების მიტოვება არ შეიძლებოდა.
პირველად იყო “რქაწითელი„ , რომელიც ქართულ ბაზარზე გამოჩენისთანავე კონკურენტუნარიანი აღმოჩნდა. შემდეგ “საფერავი“ და დღეს ძმები ხუციშვილების მარანი ექვსი სახეობის ღვინოს ამზადებს.
მაღალი ხარისხის ღვინის მისაღებად საუკეთესო ყურძენია საჭირო, პირველი საზრუნავიც სწორედ ეს არის, ვაზის მოვლასა და მის დამუშავებაში ბევრი ადგილობრივი იღებს მონაწილეობას. მარანმა ქართულ ღვინის ბაზარს ახალი ღვინო, სოფელ კისისხევის მოსახლეობას კი სამუშაო ადგილები შესძინა.
ხუციშვილების მარანს ბევრი უცხოელი ტურისტი სტუმრობს, რომლებიც ღვინითა და კახური სამზარეულოთი აღფრთოვანებულნი კისისხევს ხელმეორედ დაბრუნების იმედად ტოვებენ.
მიუხედავად ბევრი წარმატებისა, არის უამრავი სამომავლო გეგმა, რომლის განხორციელებასაც ძმები ხუციშვილები ცდილობენ:“წლის განმავლობაში 10 ათასიდან-15 ათასი ბოთლი ღვინო ისხმება, რა თქმა უნდა, ვცდილობთ წარმოების ბაზრის გაზრდას და ბრენდის სახელის მეტ ქვეყანაში გატანას, ვთანამშრომლობთ ბევრ ტურისტულ კომპნიასთან და ასე გაგრძელებასაც ვაპირებთ, წინ დიდი გეგმები გვაქვს, რომლებზეც ეტაპობრივად ვმუშაობთ.“ აღნიშნა გელა ხუციშვილმა.
ქართული ბრენდი 25-26 სექტემბერს ქვევრის ღვინის დეგუსტაციაზე , რომში იქნება წარმოდგენილი.