
თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებულმა მერმა გიგი უგულავამ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, პროკურატურის მიერ მასსა და მის უფროს ქალიშვილს შორის შემდგარი მიმოწერის გამოქვეყნება გააპროტესტა:
„მე წავიკითხე ამონარიდი ჩემი საკუთარი საუბრიდან, რომელიც საკუთარ უფროს ქალიშვილთან მქონდა და რომელიც პროკურატურამ დაუთმო ჩემს საქმეს.
ხვალ არის განმწესრიგებელი სხდომა ამ საქმესთან დაკავშირებით, ვაგრძელებ კითხვას ხაზგასმით იმიტომ, რომ საზოგადოებამ ნახოს, რომ ამ საუბარს არავითარ საქმესთან შემხებლობა არ აქვს, ეს არის წმინდა მამისა და შვილის საუბარი.
მაგრამ არის პროკურატურის მიერ წარმოდგენილი იმ მასალებში, რომლებიც მხარეებს გადმოეცა. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ უზნეობაა მამისა და შვილის საუბრის გამოქვეყნება, ვინმემ ამიხსნას დედამიწის ზურგზე და ამის ახსნას პროკურატურას ვთხოვ, რა კავშირშია ეს საუბარი შვილთან, მიმდინარე გამოძიებასთან?
დღევანდელი მთავრობა ქალიშვილობას რომ გვეთამაშება ამასთან დაკავშირებით, სადმე ვინმეს გაუკეთებია, რომ მამისა და შვილის საუბარი გამოექვეყნებინოს?! ამ ყველაფრის ახსნასაც ვერ ვპოულობ, ეს არის მარაზმი და აჩვენებს ივანიშვილისა და ღარიბაშვილის რეალურ სახეს.
ყოველთვის არსებობდა ეჭვი ივანიშვილზე, იმასთან დაკავშირებით, რომ ის მანიაკალურად ჰყვარობდა სხვისი საუბრების მოსმენას და ამის სამწუხარო მაგალითი დღეს აქ გვაქვს.
მეორე, რომელიც ასევე დევს საქმეში, არის ჩემი მიმოწერა აწ განსვენებულ რეზო ადამიასთან. ეს ადამიანი ორი დღის წინ მივაბარეთ მიწას, ყველამ იცის, რომ უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში მძიმედ იყო ავად.
ნიშანდობლივია, რომ ესეც მე მივიღე მაშინ,როდესაც ამ ადამიანის გასვენება იყო, საქმე ეხება ჩვენს მიმოწერას. ბატონი რეზო გუდაურის დამაარსებელი იყო და მას ჰქონდა მიწა საკუთრებაში, როდესაც ჩვენ გუდაურის განვითარება დავიწყეთ ორი წლის წინ, მან და მისმა მეგობრებმა ფონდს კუთვნილი მიწის ნაწილი გადმოსცეს.
ის ნაწილი, რომელიც თავისუფალი დარჩა მისი და მისი მეგობრების კანონიერ სარგებლობაში უნდა დაბრუნებულიყო. სიტუაცია რომ აირია, შესაბამისად ბიუროკრატიაში გაიჭედა ეს ყველაფერი და რეზოც მთხოვს დახმარებას, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ეს მიმოწერა პროკურატურას იმისთვის სჭირდება, რომ დაამტკიცოს, თითქოს მე ისევ მერიას ვმართავ.
ერთი, იმ უტვინო ადამიანის საყურადღებოდ, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, ეს პრობლემა გაჩხერილი იყო არა მერიაში, არამედ ეკონომიკის სამინისტროში და თუ არ ვცდები, დასრულდა კიდეც ეს საქმე და დაბრუნდა კანონიერ საკუთრებაში ეს მიწა, თუ ასე არ არის, მე გიორგი მარგველაშვილს პირადად მინდა ვთხოვო რომ ეს საქმე დაასრულოს.
ეს პასკვილი პროკურატურამ იმიტომ გამოაქვეყნა, რომ დაედასტურებინათ, თითქოს მე ვერევი მერიის საქმიანობაში. ერთი რომ, ან ზნეობა ან მორალი რომ არ გაქვთ, ეს გასაგებია, ამ ქალაქში მაინც ხომ ცხოვრობთ?
ამას რომ თითხნიდნენ, ჯერკიდევ გასვენებულიც არ იყო, რას აკეთებთ, რა ჯიშის და რა მოვლენასთან გვაქვს საქმე? მომაკვდავი ადამიანისთვის უნდა მეთქვა რომ ვერ დავეხმარებოდი?
ვაღიარებ, ვეხმარებოდი და დავეხმარები კიდეც სადამდეც შემეძლება, კრეტინიზმსაც აქვს საზღვარი. რა გავეშება დაემართა ამ ხალხს, ციხეში კი არა ციმბირში წავალ, ოღონდ ასეთი რამეები არ იკადროთ, ტოტალური უკანონობაა.
გამოვლენ და იტყვიან, ჩვენ დაკანონებული გვქონდა ეს საუბრებიო. ბუნებრივია ჩვენ ამ საკითხს ხვალ სასამართლო პროცესზე დავაყენებთ, ან როგორ უნდა გინდოდეს პატიმრობის მოთხოვნა, რომ ამ პასკვილზე მიდიხარ? ეს არის სამართლიანობის აღდგენა? ეს არის სამართლიანობის აღდგენა ნამდვილად, ოღონდ ივანიშვილის ვერსიით“, - განაცხადა უგულავამ.