
კიევში, მაიდანზე ამ დრომდე გაშლილი ქართული კარვის ევრომაიდნელებს დახმარება სჭირდებათ. ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ იტყობინებიან და ფოტოებსაც ავრცელებენ.
როგორც სოცქსელში გოჩა ნამგალაძე წერს -
„ქართული კარვის ბინადრები არავის დახმარების იმედზე არ არიან. უკრაინელ ხალხს მიაქვს საკვები და სიგარეტი. არცერთი ჩამოსული პოლიტიკოსი თუ დელეგაცია არ მისულა ამ ხალხთან.
ფიზიკურ დახმარებაზე არ არის საუბარი, ერთი სიტყვაც არ გაუგიათ მორალური თანადგომის. ბევრი პიროვნება თუ ორგანიზაცია სპეკულირებს ამათი სახელით. იწერენ დივიდენდებს. აგროვებენ სახსრებს. მაგრამ ამ ხალხამდე არაფერი არ აღწევს. დაღუპული ქართველების გადმოსვენების სახსრები-უკრაინელმა ხალხმა შეაგროვა. უკრაინელმა ხალხმა შეუგროვა დაღუპულების ოჯახს დახმარება.
მთელი საქართველო(არამარტო) გლოვობდა დაღუპულებს. იყო პათოსი ტრიბუნებიდან, პრესის ფურცლებზე,ცრემლი თუ მჯიღი მკერდზე. ყველამ დაიტირა და ყველა ამაყობს იმათი გარდაცვლით. მაგრამ რეალობა მწარეა. მარტო სამზარეულოში, ტელევიზორთან თუ მონიტორთან აფრქვებენ ემოციებს.
რეალურად კი ამ ბიჭებს ერთი სიტყვაც კი არ გაუგიათ გამამხნევებელი თუ თანადგომის. ეს ბიჭები (გუშინ ნაწილი ყირიმში წავიდა) კი დღესაც მზად არიან სიცოცხლე გაიღონ მსხვერპლად.
ნოემბრის ბოლოდან-სულ დასაწყისიდან აქ არიან. საკუთარი სახსრებით ააშენეს ეს კარავი. ყინვაში არ ქონდათ საკვები და შეშა, მაგრამ ერთი დღითაც არ გამოსულან მაიდნიდან. ისინი არ ითხოვენ არაფერს. ამ ფარღალალა ხუხულაში გაატარეს ეს სამი თვე.
-22 გრადუსი ყინვაში წარმოიდგინეთ აქ ღამით ძილი თუ დასვენება. ცხელი კერძის გარეშე. ბრონქიტისა და სხვა ავადმყოფობების მიუხედავად, მაინც აქ არიან. მაინც ბოლომდე იდგებიან. ყველა მძიმე შეტაკებაში წინა ხაზზე იდგნენ.
სამართლიანი იქნებოდა, ვინმე ჟურნალისტს ან რომელიმე ტელევიზიას ერთხელ მაინც რო გაეშუქებინა, ერთი სიტყვა მაინც რო ეთქვათ. შეგნებულად არ ვასახელებ პიროვნებებს და ორგანიზაციებს, ვინც მაიდნის სახელით სპეკულირებს (ესეთები კი მრავლად გამოჩნდნენ).
სააკაშვილის ჩამოსვლას დაამთხვიეს თავისი ჩამოსვლა, დადგეს კარავი, გაათენეს ერთი ღამე სითბოში , მისცეს ინტერვიუ ტელევიზიას თუ გაზეთებს და გაქრნენ, იმის მერე არავის უნახავს ეგ ხალხი აქ.
მონაწილეებად ასაღებენ თავს. აგროვებენ სახსრებს, რომელიც არ მოდის ამ ბიჭებამდე. ეს ბიჭები არ არიან აქ ორგანიზაციის ან პოლიტიკოსის სახელით. ყველა მოხალისეა. თავისი ნებით.
ყოველგვარი პოლიტიკის და ორგანიზაციების გარეშე. მინდა ჩემმა მეგობრებმა იცოდნენ სიმართლე. უთხრან თავის მეგობრებს. არ დაუჯერონ ორგანიზაციებს და პიროვნებებს, ზღაპრებს რო ყვებიან მაიდანზე, კიევის მოვლენებზე.
თუ ვინმეს ექნება ამ ბიჭებთან დაკავშირების სურვილი, მოუნდება კითხვების დასმა ან მორალური გამხნევება, ნომრები აქაა: +3809833 99998; +3806649 22225. მეთაური -გოჩა დადივაძე“, - წერს „ფეისბუქზე“ გოჩა ნამგალაძე.