
უკრაინის უფლებამოსილებაშეჩერებულმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა დონის როსტოვში რიგით მეორე შეხვედრა გამართა მედიასთან. ამჯერად მან მხოლოდ განცხადება გააკეთა და ჟურნალისტები წინასწარ გააფრთხილეს, რომ კითხვებზე პასუხი არ იყო გათვალისწინებული.
ვიქტორ იანუკოვიჩმა „მოძალადე ბანდიტთა ბანდა“ უწოდა უკრაინის ახალ ხელისუფლებას და განაცხადა, რომ ის ერტადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტია.
„რამდენადაც ჩემზე სხვადასხვა ხმები ვრცელდება, უნდა ვთქვა, რომ ცოცხალი ვარ, მაგრამ თავს კარგად არ ვგრძნობ იმის გამო, რაც უკრაინაში ხდება, სადაც ულტრანაციონალისტებისა და ნეოფაშისტების ბანდა მოქმედებს, იტაცებენ ხელისუფლებას, ქალაქებს აკონტროლებენ შეიარაღებულები, სამხრეთ–აღმოსავლეთში ავიწროვებენ უკრაინის მოქალაქეებს.
მინდა ვკითხო ამ ბანდიტების მფარველებს დასავლეთში: თქვენ დაბრმავდით? დაგავიწყდათ, ფაშიზმი რა არის?“, – განაცხადა იანუკოვიჩმა.
ვიქტორ იანუკოვიჩმა იმედი გამოთქვა, რომ არმია, ოფიცრები, რომლებმაც ფიცი მისცეს სამშობლოს, არ აჰყვებიან ბანდიტური ხელისუფლების მოწოდებას.
„აშშ და სხვა ქვეყნები ამბობენ, რომ მე დავკარგე ლეგიტიმურობა, რადგან ქვეყნიდან გავიქეცი: მე არსად გავქცეულვარ, ვიყავი უკრაინაში.
მე ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი ვარ, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნები, რომლებიც გამოცხადებულია 25 მაისს, უკრაინის კონსტიტუციის 103–ე მუხლს ეწინააღმდეგება და არალეგიტიმურია – ცხადია, რომ ის ექსტრემისტული ძალების ტოტალური კონტროლის ქვეშ ჩატარდება“, – თქვა ვიქტორ იანუკოვიჩმა.
უკრაინის უფლებამოსილებაშეჩერებულმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უახლოეს ხანში ის კიევში დაბრუნებას გეგმავს:
„ჩემს მიმართ არაერთხელ გამოიყენეს ტერორისტული მეთოდები, მაგრამ არაფერი გამოვიდა. როგორც კი საშუალება მომეცემა, მე აუცილებლად დავბრუნდები კიევში. ვფიქრობ, ამისთვის დიდხანს მოცდა არ გახდება საჭირო“, – განაცხადა იანუკოვიჩმა.
იანუკოვიჩის თქმით, ის აპირებს მიმართოს აშშ–ის სენატსა და კონგრესს, რათა შეაჩეროს უკრაინის ექსტრემისტული ხელისუფლებისთვის 1 მილიარდი დოლარის გამოყოფა.
იანუკოვიჩმა ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც მიმართა:
„თქვენ კი, ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლებო, ადრე თუ გვიან და, იმედი მაქვს – ადრე, მოგიწევთ პასუხი აგოთ თქვენი ბრძანებისთვის, რომლის თანახმადაც ესროლეს ხალხს. ქვეყანა გამთლიანდება და ჩვენ ამ ყველაფერს გადავიტანთ“, – განაცხადა ვიქტორ იანუკოვიჩმა და თავისი განცხადება უკრაინის სახელმწიფო ჰიმნის პირველი სტროფით დაასრულა.