
ამერიკული ავიამზიდი „ჯორჯ ბუში“ (USS George H.W. Bush) კვირას თურქულ პორტ ანტალიაში შევიდა. ავიამზიდი აშშ–ის მეორე დამრტყმელი ფლოტის ფლაგმანია.
აშშ–ის სამხედრო–საზღვაო ძალების ოფიციალური ვებ–გვერდის მიხედვით, ამ დამრტყმელი ჯგუფის მეორე ხომალდი – სარაკეტო ნაღმოსანი USS Roosevelt 8 მარტს ხორვატიის პორტ სპლიტში შევიდა. ასევე, 9 მარტს თურქეთის სამხედრო–საზღვაო ძალების ბაზაზე პორტ აკზასში იმყოფება კრეისერი USS Philippine Sea.
აღსანიშნავია, რომ 8 მარტს ამერიკული ნაღმოსანი USS Truxtun რუმინულ პორტ კონსტანცაში შევიდა, საიდანაც ზღვით ოდესამდე 300 კილომეტრია.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის კრიზისის გათვალისწინებით აშშ პოლონეთში 12 გამანადგურებლის გადასროლას აპირებს.