
29 აპრილიდან, ქალაქ თბილისში მცხოვრები მოქალაქეები, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მიზნით, ქალაქიდან გასვლას დილის 06:00-08:00 სთ-მდე, ხოლო ქალაქში დაბრუნებას საღამოს 18:00-19:00 სთ-მდე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული საშვით შეძლებენ. - აღნიშნულთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ნებართვის მისაღები ფორმა განთავსდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებ-გვერდზე www.mepa.gov.ge.
„მოქალაქემ აღნიშნული ფორმა/განაცხადი უნდა შეავსოს ქალაქიდან გასვლამდე 12 საათით ადრე.შემოსული განაცხადის საფუძველზე სამინისტრო გასცემს საშვს ელექტრონული და/ან მატერიალური ფორმით (საჭიროების მიხედვით, ერთჯერადს ან მრავლჯერადს).უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, განმცხადებელი პასუხს მიიღებს ელექტრონულად.
სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მიზნით, ბათუმიდან, რუსთავიდან და ქუთაისიდან გასვლა-შესვლის საშვის მისაღებად, მოქალაქეებმა უნდა მიმართონ რეგიონულ შტაბებს. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით 144-ის ცხელ ხაზს“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.