
უკრაინის პარტია „რეგიონების“ ლიდერი ოლეგ ცარევი „ფიესბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ უკრაინა ყირიმში ჯარს 16 მარტამდე შეიყვანს, ხოლო „მიხო სააკაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კაბინეტი მიიღო“.
„კიევიდან მეგობრებმა დამირეკეს. ამბობენ, რომ ხელისუფლების დერეფნებში განწყობა ძალიან აგრესიულია. გენერალურ პროკურატურაში, ის ხალხი, ვინც ადრე საუბრობდა, მშვიდობიანი მიტინგების დარბევა არამიზანშეწონილიაო, ახლა მიიწევენ, რომ ყველანი სამაგალითოდ დასაჯონ.
მითხრეს, თითქოსდა მიხო სააკაშვილმა მიიღო კაბინეტი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და ახლა თურმე ჰყვება, რომ სამხრეთ ოსეთი იმიტომ არ აიღო, რადგან არმია ჰყავდა მცირერიცხოვანი, უკრაინაში კი სხვა ვითარებაა.
ჩემი მეგობარი დარწმუნებულია, რომ თექვსმეტ მარტამდე, ანუ რეფერენდუმამდე ერთმნიშვნელოვნად მოსალოდნელია და იგეგმება უკრაინული არმიის შესვლა ყირიმში. ისედაც, ხომ მთელი არმია უკვე ხერსონთანაა.
მან ასევე მითხრა, რომ ერთი კანდიდატიც კი არ არის რეგისტრირებული საპრეზიდენტო არჩევნებში, რადგან ამბობენ, აზრი არა აქვსო. ომის დროს ხომ არჩევნები, ისედაც, ვერ ცატარდება. და ტურჩინოვი დიდხანს იქნება პრეზიდენტი“, - წერს ცარევი, რომელიც კიევის მაიდნის დარბევის დროს სამართალდამცველებს „კიდევ უფრო მეტად გაბედული“ ქნედებებისკენ მოუწოდებდა.