
თბილისის უფლებაშეჩერებული მერი ეჭვობს, რომ პროკურატურა მას აღმკვეთი ღონისძიების დამძიმებას უპირებს,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ,,ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.
უგულავა აცხადებს, რომ 12 მარტს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე პროკურატურა მისთვის აღმკვეთი ღონისძიების დამძიმებას შეეცდება. ამ ვარაუდის საფუძველს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი პროკურორის, მალხაზ კაპანაძის მიერ შედგენილი ოქმი აძლევს, რომელსაც უგულავა ,,ფეისბუქზე“ აქვეყნებს, ოქმში ნათქვამია:
"2014 წლის 6 მარტს, 15:00 საათზე ბრალდბეული გიორგი უგულავა უნდა გამოცხადებულიყო საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მასთან საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზნით"
პროკურორი წერს, რომ ბრალდებულის ადვოკატ ბექა ბასილაიას 5 მარტს, 22:00 საათზე აცნობა უგულავას საგამოძიებო ნაწილში დაბარების შესახებ, თუმცა მან 2014 წლის 5 მარტს 04:34 საათზე, თბილისის აეროპორტის გავლით დატოვა საქართველოს ტერიტორია და გაფრინდა თურქეთის მიმართულებით.
"მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს განჩინებით ბრალდებულ გიორგი უგულავას აღმკვეთის ღონისძიების სახით შერჩეული აქვს გირაო და 2014 წლის 8 იანვრის სათანადო ოქმით იგი გაფრთხილებულია იმის თაობაზე, რომ თუ ბრალდებულმა, რომლის მიმართვაც აღკვეთის ღონისძიებად შერჩეულია გირაო, დაარღვია ამ ღონისძიების გამოყენების პირობა ან კანონი, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით გირაო შეიცვლება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით, გიორგი უგულავამ მაინც დატოვა საქართველოს ტერიტორია", - წერს პროკურორი ოქმში.
სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, უგულავა ეჭვობს, რომ 12 მარტს ჩანიშნულ პროცესზე მის წინააღმდეგ აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის შეფარდების მოთხოვნა იქნება დაყენებული.
"როგორც ამ ოქმიდან ჩანს, მთავრობა და პროკურატურა 12 მარტს ჩანიშნულ სასამართლოს განმწესრიგებელ სხდომაზე კვლავ შეეცდებიან ჩემს მიმართ აღმკვეთი ღონისძიების დამძიმებას, ანუ მოითხოვენ წინასწარ პატიმრობას. ( მათი საქმეა, ვერ დაუშლი. ამას არც პირველად სჩადიან და ალბათ არც უკანასკნელად). ცინიზმი იმაში მდგომარეობს, რომ ჩემი "გამოძიებასთან არ თანამშრომლობის" მაგალითად ამ ოქმში მითითებულია, რომ 6 მარტს არ გამოვცხადდი პროკურატურაში.
საქმე იმაშია, რომ პროკურორმა ადვოკატს 5 მარტს 22:00 საათზე აცნობა ამის შესახებ და იქვე ცინიკურად ოქმში მიუთითებს, რომ მე 5 მარტს დილით გავემგზავრე დუბლინში "ევროპის სახალხო პარტიის" ( EPP) კონგრესში მონაწეობის მისაღებად და შესაბამისად, 6 მარტს ფიზიკურად ვერ ვიქნებოდი თბილისში. თავი დავანებოთ იმ გარემოებას, რომ პროკურატურას თვეები ჰქონდა ამ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებებისთვის, ასევე იმ ფაქტს, რომ თუ ასე აუცილებელი იყო ჩემი გამოცხადება საზღვარზე შეეძლოთ ეცნობებინათ და ბოლო ბოლო არ გავეშვი.
ყველა სიკეთესთან ერთად, როგორც სჩანს, ჩვენს პროკურატურას გეოგრაფიაშიც უჭირს, რადგან ვერანაირად პირი ასეთ მცირე დროის ინტერვალში დუბლინიდან თბილისში ვერ მოხვდება", - წერს უგულავა.
ამასთან, "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი "პროკურატურის გასაგონად" აცხადებს, რომ არ აპირებს მიმალვას და "ამ სიამოვნებას ივანიშვილსა და ღარიბაშვილს ვერ მიანიჭებს".
"მე დღეს ჩვეულებრივად ვბრუნდები საქართველოში, იმის მიუხედავად აღმკვეთის სახით პატიმრობას მოითხოვენ თუ გაციმბირებას. მთავრობის მხრიდან მორიგ გავეშებას მე ვუკავშირებ ორ ფაქტს:
1. ჩემს უპასუხოდ დატოვებულ განცხადებას ივანიშვილის დეიდაშვილ უჩა მამაცაშვილზე, რომ ის მინისტრ კალაძესთან ერთად უკანონო ბიზნეს სქემების დალაგებითაა დაკავებული.
2. მე ვარ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბის თავმჯდომარე, ხოლო "ნაცმოძრაობის" განადგურება ივანიშვილ-ღარიბაშვილის მთავრობის დეკლარირებული და მორიგი ვერ შესრულებული წინასაარჩევნო დაპირებაა.
ამდენად, ჩემი ნეიტრალიზებით, ბუნებრივია პარტიას ზიანი მიადგება მომავალ ადგილობრივ არჩევნებზე. პროკურატურის ამ განზრახვის დამადასტურებელი სხვა მასალებიც გამაჩნია, რომელთა შესახებ საუბარს უკვე საქართველოში დაბრუნების შემდეგ ვაპირებ", - აღნიშნავს უგულავა.