-
2020-04-26 16:38
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ტესტირების ჩატარება ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე განისაზღვრება.
როგორც მან განმარტა, ბოლო დროს ანტისხეულებზე ჩატარებული ე.წ. სწრაფი ტესტის ხარისხი გაუმჯობესდა, თუმცა, მისი შეფასებით, ყველაზე მგრძნობიარე და სპეციფიური PCR ტესტირებაა.
„ტესტირება ჩაუტარდებათ იმ ჯგუფებს და მაშინ, როცა ეს ეპიდემიოლოგიურად მნიშვნელოვნად ჩაითვლება. სამედიცინო პერსონალს ტესტირება პერიოდულად უტარდება. ყველაზე მგრძნობიარე და ყველაზე სპეციფიური არის ისევ და ისევ PCR ტესტირება, რომელიც ამჟამად საქართველოში 12 ათასზე ცოტა მეტი ჩატარდა, ასევე 5 ათასზე მეტი „სწრაფი ტესტი ჩატარდა ანტისხეულებზე, ასევე ჩატარებულია ანტიგენზე. სწრაფი მეთოდია, ოღონდ მაინც ინსტრუმენტალური. მისი მგრძნობელობა საკმაოდ კარგია. PCR ტესტირებისავით არ არის, მაგრამ ცუდი არ არის.
რაც შეეხება სწრაფ ტესტებს, რომლებიც ანტისხეულებზე ტარდება, ბოლო დროს ამ ტესტის ხარისხი გაუმჯობესდა, თუმცა მათი მგრძნობელობა და სპეფიციურობა ისეთი მაღალი არ არის. ამას მოწმობს ის, რომ შედეგები ხშირად მოწმდება. ძალიან ხშირად, როდესაც ისინი აჩვენებენ, რომ არის მწვავე ინფექცია, PCR ტესტირებით ეს არ მტკიცდება“, - განაცხადა იმნაძემ.
პაატა იმნაძის განცხადებით, დღეისათვის ქვეყანაში 12 000 PCR ტესტის მარაგია და მარაგები მომავალ კვირას კიდევ შეივსება.
„ორშაბათს -სამშაბათს ველოდებით კიდევ ახალი მარაგების შევსებას და იმედი გვაქვს, რომ გავზრდით ტესტირების რაოდენობას ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიხედვით და გაიზრდება მაისის შუა რიცხვებისთვის ალბათ 1500-დან 2000-მდე“ , - განაცხადა იმნაძემ.