
რუსეთის ფედერაციის საზღვაო გფლოტის ფლაგმანი, სარაკეტო კრეისერი „მოსკვა“ მატერიკული უკრაინის ტერიტორიულ წყლებს უახლოვდება.
„ცოტა ხნით ადრე „მოსკვამ“ რუსეთის ფლოტის სხვა ხომალდებთან ერთად დონუზლავის ტბიდან ზღვაში გასაწსვლელი ჩაუკეტა 7 უკრაინულ სამხედრო ხომალდს“, – წერენ „ინფორმაციული წინააღმდეგობის“ უკრაინელი წევრები.
ამასთან, რუსეთი ისევ აგრძელებს სამხედრო შენაერთების თავმოყრას ყირიმის ნახევარკუნძულთან და ნახევარკუნძულზე ახალი ჯგუფების გადასროლითაა დაკავებული.
„ინფორმაციული წინააღმდეგობის“ ცნობით, ამ დროისთვის ნოვოროსიისკში, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ბაზაზე თავმოყრილია რუსეთის არმიის მე–18 ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის დანაყოფები, რომელთა მუდმივი დისლოკაციის ადგილი ჩეჩნეთშია.
ყირიმში გადასასროლად ამზადებენ ბრიგადის პირად შემადგენლობასა და 120 ერთეულ საბრძოლო ტექნიკას, მათ შორის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „გრადი“ (РСЗО "Град").